კახიანი ოპოზიციაზე: რა გაერთიანებაზეა საუბარი? თითქოს ერთ გუნდს არ წარმოადგენენ, ვფიქრობ, რადიკალიზმის დრო წავიდა ჩვენი ქვეყნიდან
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ფლანგი ისედაც ერთ ძალას წარმოადგენს, რომელსაც საზოგადოებაში მხარდაჭერა აღარ აქვს.
„სიმართლე გითხრათ, ღიმილისმომგვრელიც არის საუბარი მათ მხრიდან იმაზე, რომ კიდევ ახალი გაერთიანებები შეიქმნას. რა გაერთიანებაზეა საუბარი? თითქოს ერთ გუნდს არ წარმოადგენენ, ერთი პატრონი არ ჰყავდეთ, თითქოს ერთი ხელით არ იმართებოდნენ.
ისედაც ერთნი არ არიან? როდესაც სჭირდებათ ერთად არიან, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ვითომ ცალ-ცალკე ჯგუფებად წარმოჩნდებიან. რაც არ უნდა გააკეთონ, ეს არის ძალა, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს საზოგადოებაში. ვფიქრობ, რადიკალიზმის დრო წავიდა ჩვენი ქვეყნიდან“, - აღნიშნა კახიანმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ფინანსურ მხარდაჭერას. დეპუტატმა ამ მხრივ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„თუკი დაფინანსების ასეთი მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, ამ კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული იქნება“, - დასძინა კახიანმა.