კახიანი „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობაზე“: ბრიუსელის კაბინეტებში დარბიან, ცდილობენ თავიანთი პატრონების დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვონ და ქვეყანა დააზიანონ
გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპულ სახელმწიფოებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრაქტიკა განიხილეს.
გადაცემის სტუმარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ჩეხეთის მაგალითი დაასახელა, სადაც პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება აღმასრულებელ ხელისუფლებასაც შეუძლია.
საუბარი შეეხო გერმანიის შემთხვევასაც. კერძოდ, როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს კონგრესის ერთ-ერთი მომხსენებელი ბერნდ ფორინგერი საქართველოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს აკრიტიკებს, თუმცა, გერმანიაში ყველაზე დიდი ნდობის მქონე ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა სცადეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანიის შემთხვევაში ასეთი საკითხები შეიძლება, დადგეს ჩვეულებრივად და ამას რაიმე კრიტიკა არ მოჰყვება, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ მიმართვამ ასეთი კრიტიკა გამოიწვია“, - განაცხადა კახიანმა.
საუბარი, ასევე, შეეხო „ლელოსა“ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო მათი პარტნიორების მხრიდან თხოვნა და მოთხოვნა. რაზე მიგვანიშნებს ეს განცხადება”, - მიმართა პარლამენტის ვიცე სპიკერს გადაცემის წამყვანმა ცოტნე გეგეჭკორმა.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს პარტიები გარედან იმართებიან. მათი მოქმედება არის მთლიანად გარედან წახალისებული და განპირობებული. ბრიუსელის კაბინეტებში დარბიან, ცდილობენ თავიანთი პატრონების დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვონ და ქვეყანა დააზიანონ.
მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ამ პარტიებს ამოძრავებთ მათი ვიწროპარტიული შეხედულებები, ქვეყნის ინტერესი მათთვის მეათეხარისხოვანია. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები ქვეყნის გარეთ და ეს არის ის შეთანხმებული მოქმედება, რომელსაც საზოგადოება თვალს ადევნებს.
კარგია, რომ საზოგადოება ამ ყველაფრის ანალიზს აკეთებს და კარგად ერკვევა იმ პროცესებში, რომელიც დღეს საქართველოსთან მიმართებით მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ და იმიტომაც არის, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.