კახა კალაძე: საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში
„რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ემიგრანტებს ხმის მიცემა ეკრძალებათ.
„ტყუილია ინფორმაცია, რომ ემიგრანტებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ხმა მისცენ. ეს არასწორი ინფორმაციაა. მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა ექნებათ საქართველოში. ხმის მიცემის აკრძალვა არ ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ხდება გარე ჩარევები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც საუბრობდა ამ მიმართულებით არსებულ უდიდეს პრობლემაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა ქვეყანას. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ირლანდია, ისრაელი, სომხეთი. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თუ მოქალაქეებს ექნებათ სურვილი, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ჩამოვლენ საქართველოში და მისცემენ ხმას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში გარე ჩარევა უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვდგამთ ყველა ნაბიჯს. დღეს უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში გარე ჩარევები, მით უმეტეს, არის უხეში ჩარევები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადახედეთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი რას კადრულობს, რა განცხადებებს აკეთებს და როგორ მოქმედებს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების თემები, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვა. ძალიან დიდია საფრთხე გარე ჩარევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ მთავარი არ არის, ვინ რამდენ ხმას მიიღებს, მთავარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა.
„შემიძლია კარგი - რუმინეთისა და მოლდოვის მაგალითები მოგიყვანოთ, თუ როგორ შეიძლება გარე ჩარევამ არჩევნებზე გავლენა იქონიოს. ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება 1%-იანი გავლენაც ვერ იქონიოს გარედან ხმის მიცემამ - 1%-მდეც კი ვერ ადის ხმების რაოდენობის გათვალისწინებით, თუმცა მთავარი ის ხომ არ არის, ვინ რამდენ ხმას მიიღებს? მთავარი არის ქვეყნის უსაფრთხოება და მისი ინტერესების დაცვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.