Loading data...
კახა კალაძე: როდესაც არჩევნებში პირველად ვმონაწილეობდი, მჭირდებოდა თბილისელებისთვის მტკიცება, რომ საქმის კეთება შემიძლია, დღეს კი, თავაწეული მივდივარ ხალხთან, რადგან ზურგს მიმაგრებს ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები

„მეამაყება, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი, რომ ვარ თითოეული თქვენგანის თანამებრძოლი, რომ ერთად ვიცავთ საქართველოს ინტერესს და ვაკეთებთ ქართულ საქმეს. ჩვენ ერთად ძალიან დიდი ძალა ვართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კრწანისის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დიდს, პატარას ჩემთან შეხვედრისთვის. „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“ - ეს ჩვენი საარჩევნო სლოგანია. ეს არის ჩვენი ქართული პოლიტიკა, რომ, პირველ რიგში, ქვეყანაში დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ქართულ სახელმწიფოს ძალიან დიდი ძალა ებრძვის. ჩვენ ჩვენს მიერ გადადგმული ყოველდღიური ნაბიჯებით ვაძლიერებთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დღეს შევკრებილიყავით და ქალაქის მომავალზე, განსახორციელებელ პროექტებზე გვესაუბრა“, - აღნიშნა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც დედაქალაქში არსებობს და რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდი მომდევნო ოთხ წელში მოაგვარებს.

„ქალაქი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას - გვაქვს ავარიული შენობა-ნაგებობები; გამზირები და ქუჩები, რომელსაც რეაბილიტაცია-განახლება სჭირდება; რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც მოსაწესრიგებელია; ჯერ კიდევ ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს; არიან ოჯახები, ვისაც ჩვენი პროგრამებით თანადგომა სჭირდება. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად, ღირსეულად უპასუხოს ყველა გამოწვევას, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

2017 წელს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას პირველად ვიღებდი, მჭირდებოდა თბილისელებისთვის მტკიცება, რომ საქმის კეთება შემიძლია. დღეს უკვე, როდესაც ხალხს ვხვდები, თავაწეული მოვდივარ, ამაყი ვარ, რადგან ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები და რაც მთავარია თქვენი მხარდაჭერა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. ის სიყვარული, რასაც ხალხისგან ვგრძნობ, რასაც ძალიან ვუფრთხილდები, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრას რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.