კახა კალაძე: რატომ აყენებ პოლიციელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რატომ ესვრი ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, „პეტარდებს“?
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი ფორმით შეკრებისა და მიტინგის გამართვის უფლება, თუმცა სამართალდამცავების მიმართ გამოჩენილ ძალადობას შესაბამისი პასუხი მოჰყვება.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ ვიხილეთ თანმიმდევრობა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. შესაძლოა, ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, ვიღაცას ჰქონდეს პროტესტის გრძნობა. დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს. ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ შეიკრიბონ, თუნდაც მიტინგი მოაწყონ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიან ფორმაში. რა გინდა, რატომ მიდიხარ პოლიციელთან, რომელიც იცავს წესრიგს, რატომ აყენებ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რატომ ესვრი ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პეტარდებს? ეს დამოკიდებულება ხომ წარმოუდგენელია? შესაბამისად, ამას რა თქმა უნდა, პასუხი მოჰყვება, რათა შენარჩუნებული იყოს მართლწესრიგი, მშვიდობა და სიმშვიდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, მათ შორის აქციაზე 22 წლის ახალგაზრდის დაშავების ფაქტს, მერი ამბობს:
„ვხედავთ რა მასშტაბის ძალადობა მიდის აქციის ზოგიერთი მონაწილის მხრიდან, რაც ძალიან მძიმეა. მინდა, ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ახალგაზრდის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით, ესეც გასარკვევია, რეალურად რა მოხდა. თავიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას რეზინის ტყვიის მოხვედრასთან დაკავშირებით, რაც არ აღმოჩნდა სწორი. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, დანარჩენი ყველაფერი გაირკვევა, რა მოხდა და რა იყო ამ ყველაფრის უკან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.