Loading data...
კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო კოლონიად აქციოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ის, რომ ვიღაცებს აქვთ მცდელობა, დაიმონოს ჩვენი ქვეყანა და გახადოს კოლონია, ეს არავის გამოუვა. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. ჩვენ ვიცავთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლით მოიპოვეს - ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების გამო შეეწიროს ჩემი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი. არავის აქვს უფლება, კაბინეტში პრემიერ-მინისტრს, მაშინდელი პარტიის თავმჯდომარეს, მხედველობაში მყავს ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, მიაყენოს შეურაცხყოფა და აკეთოს მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი და ამით დაეხმაროს უკრაინას. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიწირავს ქვეყნის ინტერესს და აქ გვექნება იგივე მდგომარეობა, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გადაიტვირთება და ნამდვილი მეგობრობა და პარტნიორობა დამყარდება.

„რაც შეეხება აშშ-ის ჯერ კიდევ არსებულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, როგორც იცით, ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები ვნახეთ. მოვისმინეთ უამრავი არასწორი განცხადება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. გულდასაწყვეტია ის, რომ ქვეყანასთან გაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და არ გვქონდა პირდაპირი ფრენები, ქართველებს უწევდათ ამ მექსიკიდან შესვლა, ან რაღაცის გამოგონება, რათა შესულიყვნენ ამერიკაში. თუ ნახავთ სტატისტიკას, თუნდაც მეზობელ ქვეყნებს რომ შევადაროთ, ყველაზე ნაკლები ვიზა გაიცემოდა საქართველოს მოქალაქეებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში გადაიტვირთება ურთიერთობა, იქნება ნამდვილი მეგობრული და დამყარდება ნამდვილად სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სანქციებს, მერი ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი მუქარა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები.

„ეს უბრალოდ შანტაჟის ელემენტებია. ჩვენ ვისმენდით უამრავ მუქარას, ვისმენდით გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი მუქარა და ანგარიშსწორება, რომ საქართველომ არ მიიღო გადაწყვეტილება ომში ჩართვასთან დაკავშირებით, დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს ინტერესები დავიცავით პირველ რიგში. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს და არავის ვემტერებით. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, გვინდა, იყოს ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩვენ გვინდა ასევე მეგობრობა და ურთიერთობები. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, არა მხოლოდ საუბრით, არამედ კონკრეტული საქმეებით, რომ ვართ სანდო პარტნიორები და კარგი მეგობრები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და კატეგორიულად მიუღებელია ბატონყმური დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.