კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე: ჩვეულებრივი მოძალადეები არიან და არ ერიდებიან იმაზე საუბარს, რომ სჭირდებათ ერთი გვამი - ეს მათი ხელწერაა
„სიახლე არ არის, თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს პარტია „ლელოსა“ და აქციის მონაწილეების ჩანაწერი, სადაც საუბარია მსხვერპლსა და ხანძრების მოწყობაზე, კახა კალაძის თქმით, მძიმეა ამის მოსმენა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე დგას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
„ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. ვიცით ამ ადამიანების დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სიახლე არ არის, თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საზოგადოება. ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. პირდაპირ არ ერიდებიან იმაზე საუბარს, რომ სჭირდებათ ერთი გვამი. ეს მათი ხელწერაა - ტელევიზიებში შევარდნა, ორი გვამის მოთხოვნა და ა.შ. ისინი ვერ შეიცვლებიან, ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. თუკი რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფრის მკადრებლები არიან. ფართო საზოგადოება ხედავს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ვხედავთ, როგორ საუბრობენ რაღაცების დაწვაზე. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.
შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე, იცავენ მშვიდობას. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და შსს-ს ყველა თანამშრომელს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე ნარჩუნდება. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.