კახა კალაძე: მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას - ეს არის ქართველი ხალხის, თბილისელების პასუხი იმ აგენტების, უსამშობლო ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას

„მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას, ამომრჩეველს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კითხვაზე, ელოდა თუ არა ისეთი უპირატესობით გამარჯვებას, როგორიც 4 ოქტომბრის არჩევნებში დაფიქსირდა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია არასოდეს გაუწყვეტია.
„ჩვენი სიძლიერე ზოგადად იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და კავშირი არასდროს გაგვიწყვეტია. არიან ვიღაცები, ვისაც მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება მოსახლეობა. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველდღიურად - სხვადასხვა სოციალური მედიით, შესაბამისი პლატფორმებით გვქონდა კომუნიკაცია, ან უშუალო შეხვედრებით ვესაუბრებოდით გაკეთებულ საქმეებზე, სამომავლო პროექტებზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე. ეს არის ქართველი ხალხის პასუხი, თბილისელების პასუხი იმ აგენტების, უსამშობლო ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართულ გენს”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა „იმედის კვირასთან“ 4 ოქტომბერს თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.
„ეს არის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც ჰყავს კონკრეტული ადამიანები, ვინც ამისკენ მოუწოდებდა იქ შეკრებილ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ჩართული იყო. აბსოლუტურად ყველას უმკაცრესად მოეთხოვება პასუხი და კანონის ფარგლებში მკაცრი პასუხი იქნება გაცემული”, - აღნიშნა კახა კალაძემ.