Loading data...
კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვადასტურებ, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, როგორც დედაქალაქის მერი, გვაქვს სრული მზაობა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გამოქვეყნებულ ღია წერილებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, ხელისუფლება გულშემატკივრობს ტრამპს მისი მთავარი დაპირებების შესრულებაში.

„ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, გავაღრმაოთ, მეგობრული გავხადოთ. წერილში ვრცლად იყო ნახსენები, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრულ ურთიერთობას, სტრაგიულ პარტნიორობას. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიოში საკმაოდ მძიმე მოვლენები ვითარდება და საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით დაკვირვებისა და მოლოდინის რეჟიმშია.

„დაველოდოთ. მესმის, რომ ძალიან მძიმე პროცესებია მსოფლიოში, ვხედავთ, რა მდგომარეობაა. ორი მთავარი დაპირება იყო, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპისგან - ომის დასრულება, რომელიც ჯერ შესრულებული არ არის, პროცესი მიმდინარეობს და „დიფ სთეითის“ დამარცხება, რომელიც დაკავებული იყო სხვადასხვა სახელმწიფოში ხელისუფლების დამხობით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, რისთვისაც იყენებდა სხვადასხვა გზას - დაფინანსებებს არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით. ეს ყველაფერი ცხადი გახდა ყველასთვის, რას ემსახურებოდა ქვეყანაში ქვეყანაში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს. პირველი დაპირება, რომელიც გულისხმობს ომის დასრულებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობა გვინდა ვუსუვოთ უკრაინას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია „დიფ სთეითის“ დამარცხებაც. ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზე და ურთიერთობებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას ხელისუფლების მოლოდინთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლას და ურთიერთობების გადატვირთვას უკავშირდებოდა, მერის თქმით, დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა, ვიდრე 20 იანვრამდე იყო.

„თქვენ ხედავთ, დღეს რა მდგომარეობაა - აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა იმასთან შედარებით, რაც იყო 20 იანვრამდე. ვერ ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში? ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და პირდაპირ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. როდესაც გლობალური ომის პარტიაზე ვასუბრობდით, არ გახსოვთ ქილიკი, რომ ეს არ არის მართალი და რაღაცას ვიგონებთ. როდესაც ვსაუბრობდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში რევოლუციას აანონსებდნენ და სახელმწიფო გადატრიალებაში ფულს ხარჯავდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ კეთილი საქმეებით არიან დაკავებული, მაგრამ ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი გამოვიდა და პირდაპირ დაასახელა ორგანიზაციები, სოცმედიაში უამრავი მასალა გავრცელდა, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ამ ორგანიზაციების გავლით, თანხები შემოდიოდა ქვეყანაში, რომ სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.