კახა კალაძე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე: ფაქტი, რა თქმა უნდა, ცუდი და არასასიამოვნოა - გამოძიება ყველაფერს დაადგენს

„ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.
მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის ფაქტები არასასიამოვნოა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
„გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა - არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სპეკულაციაა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.
„შეეშვით ამ სულელურ სპეკულაციებს. არ მაინტერესებს თქვენი სპეკულაციები“, - განაცხადა კახა კალაძემ.