კახა კალაძე: ეუთო/ოდირზე ზეწოლა და მუქარა იყო მხოლოდ იმიტომ, რომ გლობალური ომის პარტიის ძალებისთვის სასიკეთო შედეგი არ დადგა საქართველოში

„საპარლამენტო არჩევნებზე გლობალური ომის პარტიის ძალებისთვის, რომლებიც საქართველოსა და ქართველ ხალხს ებრძვიან, სასიკეთო შედეგი არ დადგა, ამიტომ ფეხქვეშ გათელეს და შეურაცხყოფას აყენებდნენ ეუთო/ოდირს, მის დასკვნასა და მის წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას განუცხადა.
მისი თქმით, მას ძალიან კარგად ესმის ეუთო/ოდირის გადაწყვეტილების.
„ეუთო/ოდირზე გულწრფელად ვამბობ, არ გამკვირვებია, რომ უარი განაცხადეს ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. თქვენ გახსოვთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მათ საერთაშორისო თანამეგობრობას წარუდგინეს დასკვნა, თუ რა დღეში ჩააგდეს იმის გამო, რომ საქართველოში მათთვის სასიკეთო შედეგი არ დადგა, მხედველობაში მაქვს გლობალური ომის პარტიის ძალები, რომლებიც ამ ქვეყანასა და ქართველ ხალხს ებრძვიან. როგორ ფეხქვეშ გათელეს და როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ ეუთო-ოდირს, მის დასკვნას და მის წარმომადგენლებს.
იმხელა ზეწოლა და იმხელა მუქარა იყო, ახლა არანაირი სურვილი არ აქვთ ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ თვითმმართველობის არჩევნებს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლის არანაირი აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, ძალიან კარგად მესმის მათი ამ გადაწყვეტილების“ - განაცხადა კახა კალაძემ.