კახა კალაძე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე: ეს ადამიანები არავის აინტერესებს, ამიტომ ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობას თავი დანაშაულებით შეახსენონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„ერთი რამ ცხადია, ეს ადამიანები არავის აინტერესებს. დღის წესრიგიდან ამოღებულები არიან. არ აინტერესებთ არც მათი ყოველდღიური ქმედებები, რასაც იმ მოძალადეებთან ერთად ყოველდღიურად ახორციელებენ. შესაბამისად, უნდათ, რომ დანაშაულებით თავი შეახსენონ ქვეყნის მოსახლეობას. არსებობს კონკრეტული კადრები კანონდარღვევებისა, ყველას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების მასალების მიხედვით ბრალდებულმა ხოშტარიამ 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს