Loading data...
კახა კალაძე ძალადობრივ ჯგუფებზე: აუცილებელია ეს ყველანაირად დავასრულოთ

საქართველოში სახეზეა ყველაფერი, ყოველ საღამოს აქ არის „აკაცუკების“ დაჯგუფება, მოძალადეები, რომლებიც ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. გადაიღეთ და აჩვენეთ ყოველდღიურად მათი ქმედებები და პარალელიც ძალიან მარტივია, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დონალდ ტრამპის მიერ მემარცხენე მოძრაობა ANTIFA-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყვეტილების შესაძლო პარალელებზე საუბრისას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე მსგავსი გადაწყვეტილების საქართველოში შესაძლო მიღების თაობაზე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მას 110-150%-იანი დარწმუნებით შეუძლია განაცხადოს, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები წახალისებულნი არიან გარედან.

„არ ვიცი, ვნახოთ. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და განცხადება გაგვიკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ქვეყანაში, იკვებებიან გარედან, ფინანსდებიან გარედან. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, 110-150%-იანი დარწმუნებით ვამბობ ამას, წახალისებული არიან გარედან. ამ ყველაფერში ჩართულნი არიან უცხოელი დიპლომატები, შესაძლოა, ელჩების სახითაც, იცით მათი განცხადებები და ქმედებები. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს ყველანაირად დავასრულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს არის დიდი შეურაცხყოფა, როდესაც დიპლომატები ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეშად ერევიან.

„ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. დიპლომატს, რომელსაც აქვს განსაზღვრული მოქმედებების შესაძლებლობა, არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და, უფრო მეტი უბედურებაა წაახალისო ექსტრემიზმი, სიძულვილი, წაახალისო თუკი რაიმე ბოროტება არსებობს. რასაც ვხედავთ, ამ სიძულვილს, ამ მოძალადე ჯგუფებს, ყველაფერია გარედან დაფინანსებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.