კახა კალაძე: ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას - გარედან რასაც ეტყვიან, იმას შეასრულებენ

„ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას. მინდა იცოდეთ, რომ ისინი [ოპოზიცია] ამას არ წყვეტენ, გარედან რასაც ეტყვიან, იმას შეასრულებენ,“ - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში განწირულია მარცხისთვის.
„როდესაც ხარ ქვეყნის მტერი, როდესაც ხარ აგენტი, ხარ მოღალატე, ხარ მარგინალი - შენი შანსი არის ნული. ოპოზიციას არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს, იქნება იქ, სადაც დღეს არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. პარტიებს ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ამასთან, არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ფარული მზადება დაწყებულია.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში ოქტომბერში გაიმართება.