Loading data...
კახა კალაძე: ჩემი მთავარი მიზანია, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანოთ და ღირსეულად დავასრულოთ

„ჩემი მთავარი მიზანია, რომ დაწყებული საქმეები, საკმაოდ მსხვილ პროექტებს შევეჭიდეთ, ბოლომდე მივიყვანოთ და ღირსეულად დავასრულოთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ყველა წარმატებული პროექტი, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი - მე ამას საკუთარ წარმატებად აღვიქვამ“, - აღნიშნა კალაძემ.

2025 წლის შეჯამებისას თბილისის მერმა განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„თბილისი არის უძველესი დედაქალაქი, მოძველებული ინფრასტრუქტურით, რომელიც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას, გვაქვს სერიოზული გამოწვევები, გვაქვს ბევრი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი, შენობა-ნაგებობა, რომელიც საჭიროებს ჩანაცვლებას. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ პროგრამა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეტაპობრივად მოხდეს ავარიული კორპუსების ჩანაცვლება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში დედაქალაქში მუდმივად სხვისდებოდა სპორტული მოედნები და რეკრეაციული არეალები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი ეს მიდგომა შეცვალა.

„ის რომ ქალაქის, კონკრეტული უბნების განვითარება სპორტული მოედნებისა და რეკრეაციული არეალების ხარჯზე მოვახდინოთ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ მიდგომა და დავიწყეთ აღნიშნული სივრცეების ქალაქისთვის დაბრუნება“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა მუნიციპალურ ტრანსპორტზეც და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, კომფორტული, სწრაფი.

„მინდა გავიხსენო თუ როგორი ავტობუსები ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას სულ რამდენიმე წილის წინ. 2017 წელს, მაგალითად ყვითელი ავტობუსები, ძირგამომპალი, დანგრეული, გაუბედურებული ავტობუსი და მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, უნდა იყოს კომფორტული, უნდა იყოს სწრაფი, შესაბამისად იქმნება ამისთვის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისი მერს მიაჩნია, რომ ვისაც დანახვა უნდა, დედაქალაქში განხორციელებულ ცვლილებებს შეამჩნევს.

„ბევრი რამ შევცვალეთ ბოლო წლების განმავლობაში და ვისაც დანახვა უნდა, ვინც რეალურად ხედავს რა გაკეთდა დედაქალაქში, ამჩნევს ამ ცვლილებებს. მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ უამრავი პრობლემა და გამოწვევაა და ზუსტად იმისთვის ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები შევამციროთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.