კახა კალაძე: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის უნდა ანდოს ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა მიუთითოს

ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის უნდა ანდონ ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა მითითებები მისცეს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„გავიხსენოთ, როდესაც ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი, რომელიც ხვდება პრემიერ-მინისტრს და ეუბნება: თქვენ დაიწყეთ, სამხედრო ტექნიკით მომარაგებულები იქნებით, მთავარია, 10 დღე გავძლოთ და მერე უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზე - ეს მეგობრობაა, ამას მეგობრობა ჰქვია?! ვინ იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი რომ ამბობდა, საქართველო უნდა ჩაერთოს ომში, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას და უნდა შეგვეხიდოსო. ჩვენ ხომ არ ვიგონებთ ამ ყველაფერს?! ეს კონკრეტული ქმედებები იყო, კონკრეტული მცდელობები, მოწოდებები. გვახსოვს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში ვიდრე იმ განცხადებებს ვისმენდეთ, რასაც მშვიდობასთან დაკავშირებით ჩვენ ვაკეთებდით.
ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტები ყველა მიმართულებით: ჩვენთვის თურმე არ შეიძლება ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ უნდა ვიცოდეთ, რას ხმარდება და რატომ იხარჯება თანხები სარწმუნოებისა და ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ. სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოგიწყონ და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ. თავიანთ ქვეყნებში პირიქით - გამჭვირვალობა კარგიაო და ყველაფერი უნდა გავაკონტროლოთო. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ხალხი ამას ხომ ხედავს?! ხელისგულზე დევს ყველაფერი და შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.