ქადაგიშვილი: სააკაშვილისა და ვიღაც სხვების ეგო, მაგალითად, მელიასი, ერთმანეთს ებრძვის, ამ წაგებულ თამაშში, დარჩენილი ელექტორატისა და პარტიული მემკვიდრეობის გაყოფაზე აქვთ დავა
ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე მწვავე დაპირისპირებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
„რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციაში ასეთი მწვავე დაპირისპირებაა, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს - პირველ რიგში, მიზეზი ის არის, რომ ოპოზიციამ - „ნაცმოძრაობამ“ და, ძირითადად, მასთან აფილირებულმა პარტიებმა, 2016 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, იმის გამო, რომ არჩევნებში ობიექტურად ვერ გაიმარჯვეს, არჩევნების უგულებელყოფას, ბოიკოტს და ათასგვარ ასეთ მეთოდს მიმართეს. მათი დღის წესრიგი ყოველთვის იყო საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე მძიმე გზავნილებით დატვირთული - ამაში სრული კორელაცია და თანამშრომლობა ჰქონდათ უცხოეთთან და, გარკვეულწილად, მათი მითითებით და ინსტრუქციებით მოქმედებდნენ.
ბუნებრივია, როდესაც ასეთი დესტრუქციული დღის წესრიგი გაქვს და ეს დღის წესრიგი ყოველ ჯერზე მარცხით სრულდება, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეს დესტრუქცია, საბოლოო ჯამში, მათ შიგნით შემოუტრიალდათ და მათი ცხოვრების დღის წესრიგად იქცა. ეს არის ობიექტური მოცემულობა, რაც ამ ოპოზიციამ თავისივე საქმიანობით თვითონვე გამოჭედა და შექმნა.
ამასთან, არის სუბიექტური მომენტი - როდესაც სააკაშვილისა და ვიღაც სხვების ეგო, მაგალითად, მელიასი - ერთმანეთს ებრძვის. ამიტომ, მათ ამ წაგებულ თამაშში იმ დარჩენილი ელექტორატისა და პარტიული მემკვიდრეობის გაყოფაზე აქვთ დავა“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.