ქადაგიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე ოპოზიციის განცხადებებზე: წავიდნენ ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ ადამიანებში გააღვიძონ ერთგვარი ულტრა ნაციონალური გრძნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში
„წავიდნენ ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ ადამიანებში გააღვიძონ ერთგვარი ულტრა ნაციონალური გრძნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომ მას აქვს ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება მეჩეთების მშენებლობა.
მისი თქმით, ინვესტიციას მოაქვს კეთილდღეობა, თან ეს ინვესტიცია თუ სწორადაა დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, მიზანი სწორედ ეს არის, რომ რამენაირად ჩაშალონ ინვესტიცია და ამას შემდგომში ეკონომიკური განვითარების შეფერხება მოჰყვეს.
„ეს ინვესტიციები იწვევს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ამას მოჰყვება ეკონომიკური, სოციალური პირობების გაუმჯობესება, უმუშევრობის შემცირება, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეს ყველაფერი სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიციისთვის არის მიუღებელი, რადგან რევოლუციას სჭირდება შიმშილი. ინვესტიციას მოაქვს კეთილდღეობა, თან ეს ინვესტიცია თუ სწორადაა დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, მიზანი სწორედ ეს არის, რომ რამენაირად ჩაშალონ ინვესტიცია და ამას შემდგომში ეკონომიკური განვითარების შეფერხება მოჰყვეს.
წავიდნენ ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ ადამიანებში გააღვიძონ ერთგვარი ულტრა ნაციონალური გრძნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში. „ლელოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც კი თქვა, რომ მეჩეთები უნდათ ააშენონო. უნდათ, კიდევ უფრო დაამძიმონ ადამიანების აღქმაში ეს პროექტი.
ამიტომ მიდიან უკიდურეს, ბნელ პროპაგანდაზე. ვინც იცის რა რაოდენობის მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოში, ის ადამიანი დაინახავს, რომ ის რაოდენობა საცხოვრებელი ფართისა, რაც ამ პროექტის განხორციელებისას სამი-ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს, რაიმე სერიოზულ ზეგავლენას აბსოლუტურად ვერ მოახდენს ჩვენს ქვეყანაში რაიმე დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.