Loading data...
ქადაგიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: ვიხილეთ, ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა ჩარევა - ამიტომაც, ამ მანიპულაციების დასაზღვევად გვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს აფასებს.

მისი თქმით, ანგარიშის საშუალებით ყველამ იხილა, რა ხდებოდა ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

„ჩვენ რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არ გვიკვირს, უბრალოდ, ამას ხაზს ვუსვამთ ხოლმე იმიტომ, რომ რადგან ჩვენთან მაინც მიიჩნევა, რომ თუ ვიღაცამ უცხოეთიდან არ თქვა, რომ ეს ასეა, ზოგიერთისთვის მომხდარი ფაქტი ფაქტადაც არ არსებობს. ამიტომ ხდება სწორედ ხაზგასმა მაგალითად, ამ შემთხვევაში რას ამბობს ამერიკელი კანონმდებელი.

ერთი რამ ფაქტია და ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიხილეთ, მათ შორის ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით - როგორ ხდებოდა პირდაპირი ჩარევა, მანიპულაცია და სამწუხაროდ, ამის გამოცდილება ყველაზე მეტად საქართველოს აქვს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენ ამ მანიპულაციების დასაზღვევად გვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.