„ჯერ ფიცო, ახლა ტრამპი - ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ძალიან საეჭვო ვითარებაში უწყობენ ტერორისტულ აქტებს“ - ლევან მაჭავარიანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ძალიან საეჭვო ვითარებაში უწყობენ ტერორისტულ აქტებს.
„ჯერ ფიცო, ახლა - ტრამპი. ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ძალიან საეჭვო ვითარებაში უწყობენ ტერორისტულ აქტებს. ორივე პოლიტიკოსი ეწინააღმდეგება მსოფლიოს სამ ძირითად გამოწვევას: 1. ომი უკრაინაში 2. ლგბტ პროპაგანდა 3. არალეგალური მიგრაცია. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ „ემთხვევა” ერთმანეთს.
დიდი ალბათობით, ამ ყოველივეს უკან დგანან ძალები, რომლებიც სარგებლობენ ომებით, აფინანსებენ ლგბტ პროპაგანდას, ასევე მათ ხელს აძლევთ არალეგალური მიგრაცია. სწორედ, ამ ძალებს, ვუწოდებთ “გლობალური ომის პარტიას”. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მეტ დეტალში არ შევალ. სწორედ ამ ძალებს, უკვე ათწლეულებია, ამერიკაში Deep State-ს უწოდებენ…ბატონ ტრამპს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან მართავდა შეხვედრას, რა დროსაც, სროლა ატყდა. შედეგად, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
მალევე ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ხალხის მიმართულებით გაისროლა, ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ყურზე მიიღო დაზიანება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.