Loading data...
ირაკლი ზარქუა: როგორც კი ვინმე დადგენილ ნორმებს გადავა, სახელმწიფო რეაგირებას მოახდენს, ამიტომ მივმართავ მშობლებს - დაიცავით თქვენი შვილები, არ გამოაყენებინოთ თავი არავის

„ამ უსამშობლოებს ორი მიმართულება აქვთ: ერთნი რადიკალებს გამოეყვნენ, რადგან მათ სხვა დაკვეთა აქვთ, რომ მერე თქვან, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ გაყალბდა. ხოლო მეორე უსამშობლოებმა უნდა თქვან, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია და ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ. საბოლოოდ ყველა გაერთიანდება და რუსთაველზე დადგება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, რეალურად ეს პარტიები ერთ პოლიტიკურ ძალას - ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ.

„ესენი ყველა კოლექტიური ნაცმოძრაობაა, მათ ნაცმოძრაობის 5 ნომრით სცადეს არაერთხელ გადატრიალება და არაფერი გამოუვიდათ, ასე რომ ახლა ცდილობენ რომ ახალი ბრენდი შექმნან ოპოზიციის ვითომ „გახარია-ლელოს“ სახით. ეს კინო ნანახი გვაქვს. 13 სექტემბრიდან იქნება გამოსვლები, ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ როგორც კი ვინმე დადგენილ ნორმებს გადავა, სახელმწიფო რეაგირებას მოახდენს, ამიტომ მივმართავ მშობლებს - დაიცავით თქვენი შვილები, არ გამოაყენებინოთ თავი, გატყუებენ ესენი.

ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით ყველა რეფორმა განვახორციელეთ და ამის შედეგია, რომ ევროკომისიამ დადო დასკვნა რომ, კარგი მმართველობის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, კორუფციის ინდექსით, სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში ვუსწრებთ არამხოლოდ კანდიდატ, არამედ ევროკავშირის და ნატოს სახელმწიფოებს. ვერც ეკონომიკა ჩამოშალეს, ვერც ჩვენი ეროვნული ვალუტა, რადგან სწორ, ეროვნულ პოლიტიკას ვატარებთ, რადგან მართლმადიდებლობა, ქართული ღირებულებები ჩვენთვის საამაყოა. ის ნდობა, რაც გამოგვიცხადა მოსახლეობამ, ამას მაქსიმალურად ვუფრთხილდებით და ბოლომდე გავიტანთ“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - რა მოვლენების მომსწრე გავხდებით, თუ წარმოვიდგენთ რომ ქვეყანაში მიმდინარეობს არჩევნები, რის პარალელურადაც ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური რადიკალური ჯგუფი დაიწყებს საპროტესტო მოძრაობას - ზარქუამ ასე უპასუხა:

„ბატონი ბურჭულაძე კალაძისგან რომ ითხოვდა სტადიონი დამიქირავე, რომ ჩამოგაგდოო - ისეთ სიგიჟეებს და სიბრიყვეებს ლაპარაკობენ, ჩვენი შეგზავნილი მგონია ეს ხალხი. ხუთ დღეში დაგამთავრებთო და ითვლიან უკვე 292-ე თუ 293-ე დღეს. არც მოსახლეობაში დადიან. ამათი მთავარი ამოცანა რა არის - რა დაკვეთა მოვა მათი პატრონებისგან, როგორ გადაწვან, როგორ გადაკეტონ, როგორ მოახდინონ ქუჩების პარალიზება და შეუქმნან დისკომფორტი ჩვენს საზოგადოებას და ვის გაუმარჯვია ასე? ეს არ არის შევარდნაძის დროინდელი საქართველო, არც სააკაშვილის, ეს არის სამართლებრივი სახელმწფიო, სადაც ერი და ბერი გავერთიანდით, რომ მშვიდობა იყოს და ეროვნული ღირებულებები დავიცვათ, რასაც ჩვენ ბოლომდე გავიტანთ“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.