Loading data...
ირაკლი ზარქუა: კახი კალაძე დამსახურებულად არის წარდგენილი მერობის კანდიდატად, უალტერნატივო და უკონკურენტოა, სწორედ კახი იქნება გამარჯვების სიმბოლო დანარჩენი 63 მუნიციპალიტეტისთვის

„კახი დამსახურებულად არის წარდგენილი [თბილისის მერის კანდიდატად], უალტერნატივოა, უკონკურენტოა“, - ასე შეაფასა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ზარქუას განცხადებით, კახა კალაძის და მისი გუნდის მმართველობის პერიოდში, დედაქალაქი უფრო მიმზიდველი და ლამაზი გახდა, რაც შეეხება არსებულ გამოწვევებს, მისი თქმით, კალაძე მესამე ვადაში ამ საკითხებს მოაგვარებს. როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადებით, მერობის კანდიდატთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის გაუგებარ ინტერპრეტაციებს წერტილი დაესვა.

„მისი გაკეთებული საქმეები რაც არის, მისი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა, რეკრეაციულ ზონაში სამშენებლო პროცესი დაწყებულიყო ან გაგრძელებულიყო, როგორც ეს უგულავას დროს იყო. მისი მმართველობის დროს სატყეო ზონა დაუბრუნდა დედაქალაქს, მისი მმართველობის დროს ათასობით პარკი, სკვერი განახლდა და შეემატა დედაქალაქს.

ერთი სიტყვით, კახი კალაძის და მისი გუნდის პირობებში დედაქალაქი უფრო მიმზიდველი, ლამაზი და დახვეწილი გახდა. ბუნებრივია, არის გამოწვევები და ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ მესამე ვადაში კახი კალაძე ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მმართველი პარტიის დღევანდელი ამ განცხადებით, მგონია, რომ წერტილი დაესვა გაუგებარ, უთავბოლო ინტერპრეტაციებს უსამშობლოთა კლანში და მათ რადიკალურ ოპოზიციაში, რაც კიდევ ერთხელ დასტურია იმის, რომ აზრზე არ არიან რა ხდება. სწორედ, კახი იქნება გამარჯვების სიმბოლო დანარჩენი 63 მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.