Loading data...
ირაკლი ზარქუა: ALDE, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, რომლებიც იყვნენ ALDE-ს წევრები, მათ წაახალისეს, შეუქმნეს განცდა, განწყობა და შემართება, რომ ეს ჩაედინა ალეკო ელისაშვილს

„ALDE, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, რომლებიც იყვნენ მათ შორის ALDE-ს წევრები, მათ წაახალისეს, მათ შეუქმნეს განცდა, განწყობა და შემართება, რომ ეს ჩაედინა ალეკო ელისაშვილს“, - ასე ეხმიანება დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს, რომელშიც საუბარია პარტიებზე, რომლებიც ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ტერორიზმს არ ემიჯნებიან.

ირაკლი ზარქუას განცხადებით ისევე, როგორც ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე, სხვა ქმედებებიც, მათ შორის პარლამენტის შენობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, სწორედ უცხოელი აქტორების მიერაა წახალისებული.

„არამხოლოდ მას, დანარჩენებსაც, ის ახალგაზრდები, ცეცხლს რომ უკიდებდნენ პარლამენტის შენობას, თქვენ გგონიათ თავისით მოაფიქრდათ? - არა, არ მოაფიქრდათ. წახალისებული იყო. ადგილობრივი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენ ვისმენთ, მათ შორის ამერიკელი მაღალჩინოსნისგან, თუ როგორ მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში ამერიკელები, მათ შორის ბრიტანელები, ვაფინანსებდით „ენჯეოშნიკებსო“, შემდეგ ქირაობდნენ ახალგაზრდებს, შემდეგ ჩვენ მათი ხელით გადატრიალებებს ვაწყობდითო. იმას, რაც გვინდოდა ექსპერიმენტს ვაკეთებდითო. იგივე სცენარი იყო საქართველოშიც, უკრაინა ხომ ნახეთ, ბოლომდე დაღუპეს, 2014 წლიდან ჩვენი მარიონეტი იყოო - ამბობდნენ ბატონ ზელენსკიზე.

ჩვენ ვამბობდით, ის დასაჭერია და უკრაინელი ხალხი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, როცა მიეცემა ამის შესაძლებლობა, თუ რა გაუკეთა მის ქვეყანას. მაგრამ ეს სხვა თემაა, ჩვენ აქ ჩვენი გიჟები რომ იყვნენ წახალისებულნი, ადგილობრივი, ეს ჩაადენინეს, რომელიმე გაემიჯნა? მათ შორის რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი აქ რომ მიტინგებს გვიწყობდნენ, გამოვიდნენ და თქვეს რამე? როცა ცეცხლი წაუკიდეს, ღობე შეუმტვრიეს 4 ოქტომბერს, ვინმე გაემიჯნა? - არა, ვერ გაემიჯნებიან, იმიტომ რომ მათ მიერ იყო წახალისებული ეს ე.წ რევოლუციური სცენარი. ბუნებრივია, არც ველოდებით, უბრალოდ კიდევ ერთი მცდელობა გვაქვს, რომ ნიღაბი ჩამოვხსნათ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.