ირაკლი ქადაგიშვილი: დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა, ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას
„დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას და ამის გამოვლინება არის მრავალნაირი“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა დესტრუქციული ქმედებებია.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის ბუნება საქართველოში აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული და ეს დესტრუქცია ჩადის ძალიან ღრმად. ისე ღრმად, რომ პირდაპირ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამიტომ ეს არის ის მთავარი პრობლემა, რა პრობლემაც დგას ოპოზიციის წინაშე. უკიდურესი დესტრუქცია მუდმივად მთავრდებოდა მათი დამარცხებით. ხალხს მათი დესტრუქციული პოლიტიკის დღის წესრიგი არ მოსწონდა. აქედან გამომდინარე, არჩევნებში გამარჯვების შანსს არ აძლევდა. ამიტომ, დესტრუქცია და ამ დესტრუქციას დამატებული მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას და ამის გამოვლინება არის მრავალნაირი - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, „ნაციონალური მოძრაობასთან“ აფილირებულ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნების შემდეგ უარი თქვა არჩევნების შედეგებზე და ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატზე, ასევე ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული კამპანია წამოიწყო. შედეგად კი ვერც რევოლუციურმა სცენარმა უშველა და ვერც გადატრიალების მცდელობამ. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის სწორედ ის, რაც ოპოზიციას შინაგანად შლის და პერსპექტივას ართმევს. იგი ასევე დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციამ გარე კარნახით გააკეთა.