ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას
„ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასწორად იყო დალაგებული მართვის სისტემა, მათ შორის იყო გადაყიდვის პრაქტიკა, რაც პირდაპირ აფერხებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას კონკრეტულად, ჰესების, მზის ელექტროსადგურების, ქარის სადგურების მშენებლობას.
„ამ ყველაფრისგან გავწმინდეთ ჩვენ სისტემა, იმისათვის, რომ ყველა დაბრკოლება მოგვეხსნა ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი გავაკეთეთ დარგის სპეციალისტებთან და შესაბამის კომპანიებთან კონსულტაციების საფუძველზე. იყო ხელოვნური დაბრკოლებები შექმნილი, აქ არ ვიცი, შეიძლება, იყო სხვადასხვა ტიპის ინტერესები, არ მინდა არ შევიდე, შეიძლება კონკრეტული უწყებები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით და შეიძლება, დაინტერესებულიც არიან უკვე. შეიძლება, კორუფციული ინტერესებიც იყო აქ და ამას გამოიძიებენ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებები.
ენერგეტიკის სფეროში კონკრეტული საქმეებიც არის აღძრული და ეს შეიძლება, ამ პრაქტიკებთანაც იყოს დაკავშირებული. ამას სჭირდება ჩაძიება, მაგრამ ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია, რომ ყველა ხელოვნური ბარიერი მოიხსნას. ერთ-ერთი ბარიერი, რაც ხელოვნურად დაგროვდა არასწორი პრაქტიკების საფუძველზე იყო სწორედ ეს დავალიანებები, რაც ჰქონდათ შესაბამის ენერგეტიკულ კომპანიებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველასთვის უკლებლივ ამ ჯარიმების და საურავების ჩამოწერის თაობაზე.
დათქმით გავაკეთეთ ესეც, დათქმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამისმა კომპანიამ უნდა დაიწყოს შესაბამისი პროექტის განხორციელება, ან განაახლოს შესაბამისი პროექტის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმა და საუბარი აღუდგება. ამ დათქმით, ჩვენ გვინდა წავახალისოთ ყველა კომპანია, რომ სათანადო ვადებში განახორციელონ შესაბამისი პროექტები. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება და სხვა გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას.
რეალურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გვქონდა სერიოზული ჩამორჩენა, მანამდე გვქონდა ძალიან სერიოზული განვითარება ძირითადად 2013-2019 წლებში და შემდეგ ტემპები შენელდა, სწორედ ამ არასწორი პრაქტიკების საფუძველზე. რა ტემპიც გვქონდა ჩვენ აღებული 2013 წლიდან, 2019 წლის ჩათვლით, ვფიქრობთ, შეგვიძლია იმას დავუბრუნდეთ უკვე მომავალი წლიდან და ეს გადაწყვეტილებები ქმნის საუკეთესო საფუძვლებს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.