ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო
„ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას შეუძლია, დაიცვას საკუთარი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში, ამის სამართლებრივი შესაძლებლობა ყველას აქვს.
„ეს პარტია, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად რასაც აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიცით. განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები აქტიურად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირი ფორმით ჩაერთნენ პოლიტიკაში. რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს იყო პირდაპირ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ეს იყო ყველაფერი არაკონსტიტუციური ქმედებები. შეგახსენებთ, რომ ეს იყო გამუდმებული საბოტაჟი, რასაც ისინი აწარმოებდნენ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პარლამენტის მიმართ. მათ ორჯერ თქვეს უარი პარლამენტის მანდატებით სარგებლობაზე, ხალხის მიერ მინიჭებული მანდატებით სარგებლობაზე და ისინი იყვნენ ჩართული ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის არაერთ მცდელობაში. ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა შეაფასოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მე ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.