Loading data...
ირაკლი კობახიძე: საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი ძალა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ეს ძალა გადმოდის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, სწორედ ეს არის მთავარი, რაც ჩვენ გვაძლევს ყველა პრობლემის დაძლევის საშუალებას და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც

საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი ძალა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, ეს ძალა გადმოდის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. სწორედ ეს არის მთავარი, რაც ჩვენ გვაძლევს ყველა პრობლემის დაძლევის საშუალებას და რა თქმა უნდა, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმდენად რთულ მომენტებში დადგა ქართველი ხალხი ხელისუფლების გვერდით, მმართველი გუნდი ბოლომდე იდგება ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე.

„ჩვენ იმდენად რთული გზა გავიარეთ აქამდე, გასული 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, თუმცა არა მარტო, 2020 წლის ბოლოდან უკვე დაიწყო ძალიან რთული პროცესები. პრაქტიკულად უკვე მეხუთე წელი სრულდება, როდესაც ჩვენ გავდივართ რთულ პროცესებს. ჯერ იყო ხელისუფლების ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლის პირველი მცდელობა, ეს თავისი ე.წ მიშელის მოლაპარაკებებით და შეთანხმებით და მთელი ამ პროცესებით, მერე 43%-იანი ბარიერი და მერე წამოვიდა ზეწოლის ახალი ტალღა, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე, როდესაც პირდაპირ დაგვიყენეს ეს მოთხოვნა დახურულ კარს მიღმა. ჯერ პირდაპირ მოითხოვეს, როცა ამაზე უარი ვთქვით, მერე ირიბად გვივლიდნენ. ჯერ მოითხოვეს მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, სანქციების დაწესება და როცა ესეც არ შევასრულეთ, გამოგვიყვანეს ოპოზიცია ქუჩაში და იგივე მოთხოვნები უკვე საჯაროდ დააყენებინეს. ეს ყველაფერი ხდებოდა 2022 წლის თებერვალ-მარტში და აქედან მოყოლებული დაიწყო სერიოზული ზეწოლა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ხელისუფლების მიმართ. მერე იყო კანდიდატის სტატუსის არმოცემა, როდესაც ათი თავით მაღლა ვდგავართ როგორც უკრაინაზე, ისე მოლდოვაზე, დამატებით ბოსნიაზე. მერე იყო მოლაპარაკებების არგახსნა და მთელი ეს უბედურება, ხელოვნური შანტაჟი, ზეწოლა, უსამართლობა, ორმაგი სტანდარტი.

იმდენად რთული პროცესები გამოვიარეთ, რომ მომავალსაც საფუძვლიანად ვუყურებთ ძალიან ოპტიმისტურად. ყველაფერს გავივლით, პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ქართული საზოგადოება მუდმივად, მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში ავლენდა განსაკუთრებულ სიბრძნეს და ამ სიბრძნით შეხედა ყველა პროცესს, რომელიც გამოვიარეთ. რომ არა საზოგადოების მხარდაჭერა, ჩვენ ვერაფერს მოვახერხებდით. სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით მოვიგეთ 2020 წლის არჩევნები, 2024 წლის არჩევნები, შუალედში 2021 წლის არჩევნები. როდესაც სამარცხვინოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, მაშინ იყო პირველადი მღელვარება და საზოგადოების უმრავლესობა მაინც დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო, რადგან ყველაფერი გაშიფრა. გაშიფრა, რომ ეს იყო სამარცხვინო უსამართლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან და ამ უსამართლობაში საბოლოო ჯამში დაადანაშაულა ევროპული ბიუროკრატია და არა საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, 5000-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა და რაც მთავარია, ეს დოკუმენტი ასახავდა იმ ფუნდამენტურ სხვაობას, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებთან - უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს.

საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და რომ შეაფასა, სწორედ ამიტომ ვერ ააყირავეს ეს ქვეყანა და ვერ გაიმეორეს საქართველოში უკრაინული სცენარი. იგივე მოხდა მოგვიანებითაც. წელიწად-ნახევარი გვაწვალეს, როდესაც კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევდნენ, მაგრამ რომ ნახეს, რომ ხალხი თავის ადგილზე დადგა, საბოლოო ჯამში მოუწიათ კანდიდატის სტატუსის მოცემა. მერე დაიწყეს შანტაჟი მოლაპარაკებების გახსნით და იქაც ვერაფერს მიაღწიეს. საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი ძალა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, ეს ძალა გადმოდის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. სწორედ ეს არის მთავარი, რაც ჩვენ გვაძლევს ყველა პრობლემის დაძლევის საშუალებას და რა თქმა უნდა, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. იმდენად რთულ მომენტებში დაგვიდგა ჩვენ ქართველი ხალხი გვერდით, ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს, კრიტიკულ მომენტში დავაღალატოთ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ხალხი, ამიტომ ბოლომდე დავდგებით ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და ამით გამოვხატავთ მადლიერებას ქართველი ხალხის მიმართ გასული 5 წლის განმავლობაში გამოვლენილი სიბრძნის გამო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.