Loading data...
ირაკლი კობახიძე: საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა

საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის შენარჩუნება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა.

„გვაქვს ბევრად მეტი სტაბილურობა 2025 წლის ბოლოს, ვიდრე გვქონდა 2024 წლის ბოლოს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობის და მშვიდობის შენარჩუნება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა. საბოლოო ჯამში, ქვეყანა იყო წარმატებული ყველა ამ თვალსაზრისით. ჩვენს გარშემოც ვცდილობთ განვამტკიცოთ მშვიდობა, კონკრეტულად ჩვენს რეგიონში.

ამ კუთხით გვქონდა განსაკუთრებული, ვიტყოდი, სპეციფიკური პრობლემები გასული პერიოდის განმავლობაში და წელს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა კორუფციის აღმოფხვრაზე. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალისხმევას არც მომავალში დავაკლებთ. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ამბიციური მიზანი, გვინდა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე.

„განათლებას ერთ-ერთი საკვანძო როლი ენიჭება იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე. ბუნებრივია, ამ რეფორმის წარმატებით ბოლომდე მიყვანაც იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რითაც მომავალ წელსაც ვიქნებით დაკავებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.