ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს, გამჭვირვალობის კანონი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში
„შემიძლია მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
კითხვაზე, როგორ აპირებს ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სთავაზობს ღია და საჯარო დისკუსიას.
„მე იურისტი ვარ და, როგორც იურისტს, შემიძლია მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს. ვთავაზობთ მათ გულწრფელ, ღია და საჯარო დისკუსიას, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ კანონზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონში გათვალისწინებული მთავარი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენაა. სულ ეს არის. კანონი არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული, ფინანსური ჯარიმები. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში. თუმცა ევროპელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ ასეთი კანონმდებლობა არ უნდა მიგვეღო“, - განაცხადა პრემიერმა.