ირაკლი კობახიძე - როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება
„თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის „დამსახურებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მარტა კოსის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირი უკან იხევს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება თუ ნებისმიერი რამ.
„ეს არის იმ საქმიანობის შედეგი, რომელსაც ეწევა დღემდე ევროპული ბიუროკრატია. რაც შეეხება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად, ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას. თუკი რაიმე მოთხოვნა იქნება, ჯანსაღი პირობა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მაგრამ გავიხსენოთ, რას ითხოვდნენ, როდესაც ისინი ითხოვდნენ სასამართლოს გადაცემას ოპოზიციისთვის, ცესკოს გადაცემას ოპოზიციისთვის. წარმოიდგინეთ რომ ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და მათი ინტერესია, რომ ყველა ინსტიტუტი გავიდეს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გავლენის სფეროდან. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვიღაცამ რომელიღაც ინსტიტუტი უნდა აკონტროლოს, ან პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს და ა.შ, აქ საუბარია ჯანსაღ კონსტიტუციურ სისტემაზე. მათ უნდათ, რომ კონკრეტული ინსტიტუტები გავიდეს კონსტიტუციური წესრიგიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი იყო ეროვნული ბანკი.
„ათასი ინსტიტუტი ჩართეს ამაში, მაგრამ პირველ რიგში ეს იყო სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა. გვიკრძალავდნენ პირდაპირ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევას. რეალური მიზანი რა იყო - ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტეთ ეროვნული ბანკის საბჭო. მათთან ერთად დაკომპლექტება ნიშნავდა მათი ხალხით დაკომპლექტებას, სხვანაირად კონსენსუსი როგორ უნდა იყოს მიღწეული. რისთვის სჭირდებოდათ ეროვნული ბანკი? დღეს გადავხედოთ ეროვნული ბანკის საქმიანობის შედეგებს - ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის 6 მილიარდს პირველად გადააჭარბებს ჩვენი სავალუტო რეზერვები. ლარის კურსი მყარად არის შენარჩუნებული და ა.შ. ეს არის სახელმწიფოს ინტერესი. ჩვენ არაფერში გვჭირდება საკუთარი სუბიექტური ინტერესებისთვის გავლენა რაღაც ინსტიტუტებზე.
ერთადერთი, რისთვისაც გვჭირდება, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან არ გავიდეს ეროვნული ბანკი, არის ის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები იყოს დაცული - კურსი მყარად შენარჩუნდეს, საბანკო სისტემაში იყოს კონკრეტული წესები დამკვიდრებული, ივსებოდეს სავალუტო რეზერვები, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის და მოქმედი საბჭოს პირობებში. ისინი ითხოვდნენ, რომ ასეთი საბჭო და პრეზიდენტი კი არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად ეროვნულ ბანკს უნდა ჰყოლოდა ქადაგიძისნაირი პრეზიდენტი, რომლის პირობებშიც ლარის კურსს რა დაემართა და რეზერვები სად იყო, ყველას ძალიან კარგად ახსოვს.
როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს ასეთ რამეს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, თავი დავანებოთ სასამართლოს, ცესკოს და ა.შ, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რას ნიშნავს ცესკოს ჩაბარება ოპოზიციისთვის, რა შედეგები შეიძლება მოეტანა ამ ყველაფერს, ეს ალბათ ყველასთვის სრულიად ცხადია. ეროვნული ბანკის გადაცემაც რომ გინდა კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის, რადიკალური ოპოზიციისთვის, იქ ხომ ჩანს, რომ შენ არ გამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება, თუმცა ვნახოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.