ირაკლი კობახიძე: როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას აბრალებ, რომ მოქმედებს იმ სახელმწიფოს კარნახით, რომლის მიერაც ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%, ამაზე მეტი მავნებლობა და არაკონსტიტუციურობა რა არის
იმაზე მეტი ანტიკონსტიტუციური რა არის, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შენ აბრალებ, რომ მოქმედებს იმ სახელმწიფოს კარნახით, დავალებით, რომლის მიერაც ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%, ამაზე მეტი მავნებლობა და არაკონსტიტუციურობა რა არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია, ამას შესაბამისი შეფასება მიეცეს და სწორედ ამიტომ მიმართა მმართველმა გუნდმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს.
პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო სარჩელის საფუძვლებზე საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ოპოზიციის განცხადებები და მოწოდებები გაიხსენა.
„მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ზოგმა - პირდაპირ, ზოგმა ირიბად მხარი დაუჭირა სანქციების დაწესების მოთხოვნას საქართველოდან რუსეთის მიმართ, რაც პირდაპირ ჩამოაქცევდა ჩვენს ქვეყaნას და ესკალაციას გაამწვავებდა. ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნას. მაშინ გამოვიდა ბაიდენი, შემდეგ ჯონსონი და მათ თქვეს, რომ რეკომენდაციასაც კი არ უწევდნენ მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, რადგან ეს ნიშნავდა ნატოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. მოხალისეების გაგზავნის რეკომენდაციაც კი თუ ნიშნავდა ნატოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, ამერიკის და ბრიტანეთის შემთხვევაში, ჩვენი ოფიციალური ნებართვით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში როგორ არ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. შემდეგ ზელენსკიმ გაიწვია ელჩი ამ ორი საბაბით - სანქციების არდაწესება, და მეორე, რატომ არ გამოგვიგზავნეს მებრძოლი მოხალისეები. მოლდოვასაც არ გაუკეთებია ეს, მაგრამ ჩვენგან ითხოვდნენ. ასევე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები - უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა არაერთხელ მიმართა ოპოზიციას კითხვით, რა არ გააკეთა საქართველომ უკრაინის დასახმარებლად, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
„მე ჩავატარე საგანგებოდ ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით და ვკითხე ოპოზიციას, რა შეგვეძლო ჩვენ გაგვეკეთებინა უკრაინისთვის ომთან მიმართებით, რასაც არ ვაკეთებდით. მარტივ კითხვაზე ვთხოვეთ პასუხის გაცემა. არავითარი პასუხი. ერთადერთი, მახსოვს, ელისაშვილმა და ვიღაცამ თქვა, რომ იარაღი გაუგზავნეთო
. პირდაპირ მოითხოვეს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. სხვებმა პასუხი არ გაგვცეს. ანუ არ ჰქონდათ არავითარი არგუმენტი, არავითარი ფაქტი, რომ რამე დავაკელით უკრაინას და არათუ დავაკელით, გახსოვთ, რამდენი დევნილი გვყავს მიღებული დღემდე. 25 ათასი უკრაინელია, ბავშვებს უფასოდ საკუთარ მშობლიურ ენაზე ვასწავლით, ყველანაირი სოციალური დახმარება, ერთ-ერთი მოწინავე ვიყავით ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, რაც გაიგზავნა საქართველოდან უკრაინაში და დღემდე ვცდილობთ მაქსიმალურად დახმარებას. ყველა კუთხით გვაქვს სრული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
კითხვა დავუსვით - რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა, რაც არ გავაკეთეთ. პასუხი არ იყო არავითარი და მაინც ეს რიტორიკა, რომ ჩვენ ვართ რუსული ძალა, რუსეთს მხარე და ათასი სისულელე, სიგიჟე. ასეთ რაღაცებით რომ გამოდიან ეს პოლიტიკური პარტიები, ვიღაცამ ხომ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი. ისინი ხომ ამით ამწიფებენ საფუძველს, რომ იგივე ტყუილი მერე ვიღაცამ ქვეყნის გარედან გაიმეოროს, რაც ფაქტია, ხდება.
როგორ შეიძლება, ასეთი მავნებლები ვიღაცამ არ შეაფასოს. ამაზე მეტი ანტიკონსტიტუციური რა არის, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შენ აბრალებ იმას, რომ მოქმედებს იმ სახელმწიფოს კარნახით, დავალებით, რომლის მიერაც ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%, ამაზე მეტი მავნებლობა და არაკონსტიტუციურობა რა არის. ეს ხომ ვიღაცამ უნდა შეაფასოს. ან მაშინ დაამტკიცონ, რომ ჩვენ სხვა რამეს ვაკეთებთ. შემფასებელი უნდა იყოს და ამიტომ მივმართავთ ჩვენ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.