ირაკლი კობახიძე: რასაც ალამაზებს ჩვენი ხელისუფლება, იმას ანგრევს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ეს იყო ძალიან სიმბოლური გამოხატულება იმ პროცესებისა, რაც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში

განსაკუთრებით დასანანი იყო ის, რომ ეს მოვლენები განვითარდა თბილისის ერთ-ერთ საამაყო, ახლად რეაბილიტირებულ უბანში. თქვენ იცით, რომ გამორჩეულად ლამაზია თბილისის ეს უბანი, მის კიდევ უფრო მეტად გალამაზებაზე თავის დროზე იზრუნა დედაქალაქის მერიამ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
„რასაც ალამაზებს ჩვენი ხელისუფლება, იმას ანგრევს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ეს იყო ძალიან სიმბოლური გამოხატულება იმ პროცესებისა, რაც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. აქედან ჩანს, რომ საერთოდ არ შესტკივათ ამ ადამიანებს გული არც ქვეყანაზე, არც ქალაქზე, არაფერზე, პირიქით. ეს ექსტრემისტები, რომლებიც გადიან სპეციალურ მომზადებას ძალადობასთან დაკავშირებით, რომლებიც შავ ფულს იღებენ, რეალურად აცნობიერებენ, რა საქმეშიც არიან შესული. მათ, ამ ე.წ. აკაცუკებსაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, თუ რა პროცესებში არიან შესული, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროცესი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არ აქვთ არავითარი გრძნობები საკუთარი ქვეყნის და ქალაქის მიმართ, სჩადიან ამ ყველაფერს. რაც ააშენა და გაალამაზა ხელისუფლებამ, ის დაანგრიეს და დაწვეს. ეს არის მათი ნამდვილი სახე.
სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქის მიმართ, საბოლოოდ გავანეიტრალოთ ეს სამარცხვინო სუბიექტები ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის ყველა კანონისმიერი ზომა იქნება უმკაცრესად გამოყენებული. არ შეიძლება 100 და 150 უცხოელი აგენტი ძალადობდეს ჩვენს მილიონობით თანამოქალაქეზე. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, შესაბამისად სახელმწიფო და კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ ჩვენ სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანობის ასამაღლებლად. ყველა მიმართულებით არის გაუმჯობესებული ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, ეს ეხება კორუფციულ დანაშაულს, ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო თუნდაც რამდენიმე თვის წინ, შესაბამისად არავის ვურჩევთ, დაუპირისპირდეს ამ სახელმწიფოს. ყველა იყოს ძალიან ფრთხილად, როდესაც საქმე ეხება კანონის დარღვევას, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის მიმართ სახელმწიფო და კანონი იქნება ძალიან მკაცრი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.