ირაკლი კობახიძე მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებაზე: მგონი, უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

მგონი, უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მოლდოვის საგარეო უწყების მხარდაჭერა საქართველოში ძალადობრივი პროცესისადმი რაზე მიანიშნებს.
„მგონი, უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. მით უმეტეს, მოლდოვაში არის ტრაგიკული მდგომარეობა, თან გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ უნდათ ევროინტეგრაცია, თან მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის 45% უჭერს მხარს მხოლოდ ევროინტეგრაციას, რაც რეფერენდუმზე დაფიქსირდა. მოლდოვას ევროინტეგრაცია უნდა ვითომ და თან დსთ-ს წევრად რჩება, სრული აბსურდია და ვერც ხსნიან ამ აბსურდს. კორუფცია ყვავის, უმძიმესი მდგომარეობაა ამ კუთხით. ეს აისახება პირდაპირ ეკონომიკაზე. 11 მილიარდი დოლარით გავზარდეთ ჩვენ სხვაობა ჩვენს ეკონომიკებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ მოლდოვაში არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია ყვავის, არ აქვთ გამართული ეკონომიკური მენეჯმენტი, ამისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული სურათი“, - აღნიშნა კობახიძემ.
ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ საქართველოზე ბევრად წინაა მოლდოვა ევროინტეგრაციის კუთხით.
„ეს ხომ ყველაფერი ფარსია?! მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა 2022 წელს. მათ ევროკავშირიდან ბიუროკრატებმა შესთავაზეს უკრაინას კანდიდატობაზე განაცხადის შეტანა, რასაც ლოგიკურად მიჰყვა მოლდოვის და საქართველოს განაცხადი, თუმცა მაშინ აზრადაც არავის გაუვლია ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ყველაფერი იყო მოაზრებული ერთი მარტივი რამისთვის - საქართველოსთვის ხელოვნურად უნდა შეექმნათ ზეწოლის მექანიზმი. აზრადაც არავის გაუვლია მაშინ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. მაინც იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს, თუ მანამდე ევროკავშირში ისე წარიმართება პროცესები, როგორც უნდა წარიმართოს და არა ისე, როგორც დღეს წარიმართება. ჯერჯერობით ინარჩუნებს ევროკავშირი კეთილდღეობის მაღალ დონეს ინერციით, მაგრამ როდესაც ჩამოდიხარ 30%-დან 17 პროცენტამდე, ეს ძალიან მძიმე ეკონომიკურ ტენდენციას აჩვენებს“, - აღნიშნა კობახიძემ.