Loading data...
ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არ ნიშნავს მხოლოდ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.

„კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ათეულობით მილიონი დაიზოგა, დაახლოებით 200 მილიონზე მეტი დაიზოგა უკვე მარტო ამ ნახევარი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციაში სწორედ პრაქტიკის გაუმჯობესების შედეგად.

ეს ეხება მათ შორის შესყიდვების პრაქტიკას და სხვადასხვა მიმართულებით იმ პრაქტიკას, რომელიც დამკვიდრებულია ჩვენს სახელისუფლებო სისტემაში, მმართველობით სისტემაში. მომავალშიც გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა, ასევე ძალიან ბევრი ხარვეზი, სამართალდარღვევა გამოავლინა სწორედ ეფექტიანობის დეპარტამენტმა, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა მომავალშიც ამ დეპარტამენტის სათანადო საქმიანობას და არა მარტო ამას, ყველა მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი სისტემა კორუფციული პრაქტიკისგან, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პასუხისმგებლობა.

აქაც დებატების ჭრილში ვახსენე ეს ყველაფერი. იგივე კორუფციის თემა რომ ავიღოთ, მზად ვართ ნებისმიერ სუბიექტთან დისკუსიისთვის კორუფციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შეგვიძლია ნებისმიერ სუბიექტს ვუთხრათ, რომ დღევანდელ დღეზე, ხვალინდელზე მოიტანონ ნებისმიერი თემა, სადაც დაინახავენ კორუფციის საეჭვო ქმედებებს, ნებისმიერი თემა მოიტანონ, თუ სადმე ნახავენ კორუფციის რაიმე ნიშანს, ყველაფერზე გვექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება. ნაცვლად მონოლოგის რეჟიმში ცარიელი საუბრებისა, მოიტანონ თუნდაც ერთი შემთხვევა დღევანდელი გუშინდელი ხვალინდელი, არსებული მთავრობის შემადგენლობის პირობებში, გვექნება უმკაცრესი რეაგირება. დისკუსიისთვის ვართ მზად და ნებისმიერ შემთხვევაზე რეაგირებისთვის ვართ მზად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.