ირაკლი კობახიძე: გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით, საკრებულო განიხილებოდა თავიდან შეტევის მთავარ ობიექტად, შემდეგ შეცვალეს სცენარი, რასთან დაკავშირებითაც დროულად მივიღეთ ინფორმაცია

ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით, ეს იყო მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, საკრებულოს შენობები. თბილისის საკრებულო განიხილებოდა მათგან თავიდან შეტევის მთავარ ობიექტად, თუმცა შემდეგ შეცვალეს სცენარი, რასთან დაკავშირებითაც დროულად მივიღეთ ინფორმაცია, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ მიიღო მთავრობამ პრევენციული ზომები, რომ პრეზიდენტის სასახლე მეტად ყოფილიყო დაცული და რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ხუთი წუთი დასჭირდათ აქციის მონაწილეებს, რომ დამცავი ჯებირები გადაენგრიათ.
„გუშინ თქვენი ტელევიზია [„ტვპირველი“] მთელი საღამოს განმავლობაში ამტკიცებდა, ღობე თავისით გადაინგრა და ბურჭულაძე იქ თავისით აღმოჩნდაო. ამას მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა ქალბატონი ინგა [გრიგოლია]. დაახლოებით თხუთმეტჯერ გაიმეორა ეს ყველაფერი. რაც შეეხება ღობეს, ის არის ყველაზე ადვილად გადასანგრევი, როდესაც იყენებ ფიზიკურ ძალას. იქ იყვნენ მისული აკაცუკები, ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლები საკმაოდ მრავლად და ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაანგრიეს ღობე, შემდეგ სცადეს შიგნით შეჭრა, თუმცა დახვდათ სიურპრიზი.
ეგონათ, რომ ათონელის სასახლე იყო ცარიელი, თუმცა გამოვიდნენ სპეცრაზმელები და მიიღეს სათანადო პასუხი. ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით, ეს იყო მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, საკრებულოს შენობები. თბილისის საკრებულო განიხილებოდა მათგან თავიდან შეტევის მთავარ ობიექტად, თუმცა შემდეგ შეცვალეს სცენარი, რასთან დაკავშირებითაც დროულად მივიღეთ ინფორმაცია და შესაბამისი ზომები მივიღეთ. როცა გადავიდნენ ისინი დამხობის მცდელობაზე და სცადეს შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, იქ აღმოჩნდა სიურპრიზი.
ასეთი ტაქტიკური გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული - ვიდრე არ გადავიდოდნენ ძალადობაზე, ჩარევას არ ვგეგმავდით. ვიდრე მშვიდობიანი იყო აქცია, მივუშვით პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიამდე ეს ადამიანები, თუმცა როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე და გადაანგრიეს დამცავი ღობე, მაშინვე იქ გაჩნდა სპეცრაზმი. ყველაფერი ძალიან სწორად იყო დაგეგმილი. თუ მშვიდობიანად მიდიოდნენ ღობემდე, რატომ არ უნდა მიგვეშვა?! მშვიდობიანად მივიდნენ ღობემდე, გადაანგრიეს და მიიღეს პასუხი“, - აღნიშნა კობახიძემ.