ირაკლი კობახიძე: ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში შეუძლია სცადოს ტელევიზიის დახურვა - ევროპული ბიუროკრატიის, ბრიტანეთის ხელისუფლების ასეთი უხეში გადაცდომები გვეხმარება საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია
ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში შეუძლია სცადოს ტელევიზიის დახურვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატიის და ბრიტანეთის ხელისუფლების ასეთი უხეში გადაცდომები ეხმარება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია.
„ჩემთვის უკვე დამდგარი შედეგია მთავარი და დამდგარი შედეგი არის ის, რომ ბოლომდე ფარდა აეხადა ყველაფერს. თუ აქამდე ფორმალურად მაინც გვესაუბრებოდნენ მაღალ მატერიებზე, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტიკოსები, იგივე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, დღეს პირდაპირ გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში შეუძლია სცადოს ტელევიზიის დახურვა. ეს აბსოლუტურად ფუჭად გასროლილი ტყვია იყო, მაგრამ მიზანი ჰქონდათ, რომ ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში უნდა დაეხურა ორი წამყვანი ტელევიზია, ახლა ევროპარლამენტიდან საუბარია კიდევ იგივე მცდელობაზე. ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენთვის არის შედეგის მომტანი იმ კუთხით, რომ ბოლომდე ვხედავთ ლუსტრაციას. რა მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს - აბსურდული განცხადებები, აბსურდული ჩანაწერები და აბსურდული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი. არანაირი კონსტიტუციური სტანდარტი აქ არ მოქმედებს, ადამიანის ძირითადი უფლებების არანაირი საერთაშორისო სტანდარტები, საერთოდ ყველაფერი გადახაზულია. ადრე, ფორმალურად თუ მაინც აცხადებდნენ, რომ ისინი პატივს სცემდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მედიის თავისუფლებას, მედიაპლურალიზმს, ახლა პირდაპირ, უხეშად დაუპირისპირდნენ ამ ყველაფერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.
ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გვიწევდა რაღაცების მტკიცება. ასეთი უხეში გადაცდომები, რასაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან, გვეხმარება ჩვენ საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული ერთ დროს ღირებულებებით გამორჩეული ევროპული ბიუროკრატია და ევროპული პოლიტიკა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. არავითარი იურიდიული სტანდარტით არათუ გამართლებაზეა საუბარი, ვერც კი აიხსნება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბრიტანულმა ხელისუფლებამ და რომლის შესახებაც საუბრობს ახლა ევროპარლამენტი. მაგრამ ეს ძალიან კარგია ლუსტრაციისთვის, ამას ხედავს ქართული საზოგადოება.
ბრიტანული სანქციის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ამას ჰქონდა ხუთდღიანი ეფექტი. როცა დაინახეს, რომ არავითარი პრაქტიკული შედეგი არ ჰქონდა ამ სანქციებს, ეს მუხტიც ჩაქრა. შეიძლება, მცირე მუხტი აწიეს 3-4 დღით, მაგრამ მეხუთე დღეს ხომ ეს მუხტი ჩაქრა. ამას ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.