Loading data...
ირაკლი კობახიძე: ევროპის კონტინენტზე პრობლემებია ეკონომიკური სტაგნაციის, იდენტობის თვალსაზრისით, არის სერიოზული უკუსვლა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს

თავისთავად საინტერესო პროცესები წარიმართება, ბუნებრივია, იოლად პროგნოზირებადი არ არს ამ პროცესების გაგრძელება, თუმცა, რაც ძალიან საინტერესოა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა ძალიან ბევრი რამ ამხილა, მათ შორის ბევრი ისეთ რამ, რაზეც მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში გრენლანდიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მანამდე კოლექტიური დასავლეთი იყო წარმოჩენილი, როგორც სრულიად უნაკლო და უპრობლემო სივრცე, მაშინ, როდესაც ამ პროცესებმა ზედაპირზე ამოიტანა ყველა ის პრობლემა, რომელზეც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში საუბრობდა.

„არ არსებობს იდეალური პოლიტიკური სივრცე, ზოგადად პოლიტიკა არის საკმაოდ რთული საქმე და არის უამრავი არასწორი პროცესი, რომელიც ყველა პოლიტიკურ სივრცეში წარიმართება და ბუნებრივია, ეს ეხება დასავლურ სივრცესაც. დანარჩენი, როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები.

ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს. პირველ რიგში ეს უკავშირდება ეკონომიკურ სტაგნაციას, რომელსაც გადის ევროპა უკვე 2008 წლიდან. 2008 წელს 30% იყო ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში და 2024 წლის ბოლოსთვის 17,5%-მდე შემცირდა.

მალე გამოქვეყნდება 2025 წლის მონაცემები და სავარაუდოდ, ეს წილი 17%-მდე იქნება შემცირებული. ეს აჩვენებს იმ მძიმე ტენდენციებს, რომელიც არის ევროპაში. იგივე ეხება პრობლემებს, რაც არის ევროპის კონტინენტზე იდენტობის თვალსაზრისით და იგივე პრობლემები უკავშირდება სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას. აქაც არის სერიოზული უკუსვლა.

ამ ყველაფრის ზედაპირზე ამოტანა გამოიწვია იმ პროცესებმა, რაც ბოლო პერიოდში წარიმართა აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს და რაც მთავარია, კვლავაც მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.