Loading data...
ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, მოგვიანებით, 2024 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით, თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა

„საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს. ეს როლი დღესაც მნიშვნელოვანია და მომავალში მისი მნიშვნელობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მთავრობის მეთაურმა საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ არის მოწოდებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სპეციფიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა 2022 წლის ივნისში ჩვენს განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოგვიანებით, საქართველომ მაინც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამის შემდეგ ევროკომისიამ უარით უპასუხა ჩვენს სურვილს, დაწყებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მოგვიანებით, ევროკომისიამ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიიღო. ეს 2024 წლის ივნისში მოხდა. დღეს ჩვენი ურთიერთობების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმარისად პოზიტიური არ არის. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამ ვითარების შეცვლით. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის არსებობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.