Loading data...
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მათ გამოაცხადეს ევროინტეგრაციის შეჩერება, ისინი ჩაერივნენ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ჯანსაღად გაგრძელდებოდა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ყველაფერში ვასწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება

„გამოჩნდა ერთადერთი რამ, როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, აქაც აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა არა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არამედ ეს ყოფილა ორპირი ქარის პოლიტიკა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხი გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყველაფერში ასწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება.

„ერთადერთი რაშიც იყენებდა ევროპული ბიუროკრატია ევროინტეგრაციის თემას საქართველოსთან მიმართებით 2022 წლის დასაწყისიდან, ეს იყო შანტაჟი. ამას უკავშირდებოდა მთელი ის უსამართლობა, უსამართლო გადაწყვეტილებები 2022 წლის ივნისში. ვერავინ ვერ ახსნა დღემდე, რატომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. თეორიულად წარმოიდგინეთ უკან რომ გადავახვიოთ ყველაფერი - წარმოვიდგინოთ, რომ 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მერე როგორც უკრაინას, მოლდოვას და ბოსნიას, მერე გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, გრძელდება დიალოგი, კუმუნიკაცია და ა.შ. ხომ ჯანსაღი ურთიერთობები იარსებებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენი მხრიდან ხომ ყველაფერში იყო გაწვდილი ხელი და სრული ღიაობა გვქონდა გამოხატული. მათ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შემდეგ 2 წელი გრძელდებოდა ეს ყველაფერი, მათ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მათ გამოაცხადეს ევროინტეგრაციის შეჩერება 2024 წლის ივნისში, ისინი ჩაერივნენ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, მათი ელჩი გამოვიდა და განაცხადა, რომ ამომრჩეველს მხარი უნდა დაეჭირა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციისთვის. ამას ხომ ისინი აკეთებდნენ. ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ჩვეულებრივად ჯანსაღად გაგრძელდებოდა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

გამოჩნდა ერთადერთი რამ, როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, აქაც აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა არა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არამედ ეს ყოფილა ორპირი ქარის პოლიტიკა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხი გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერში ვასწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას, კანდიდატ ქვეყნებს, მაგრამ არის განსხვავებული დამოკიდებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.