ირაკლი კობახიძე დღეს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვა
პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. დღეს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება, სადაც სიტყვით ირაკლი კობახიძე გამოვა.
გამოფენაზე, რომელშიც ორმოცამდე ქართული კომპანია მონაწილეობს, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსითაა მიწვეული. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა, ხელი მოეწერა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმებს.
დელეგაციის წევრები ხაზს უსვამენ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
„პრემიერებმა ისაუბრეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ორივე ასპექტი. მოეწერა ხელი შესაბამის მემორანდუმებს. ამ მემორანდუმების ხელმოწერის შემდეგ უფრო გაღრმავდება ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ასევე, დღეს ქართული დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც არის ქართული პავილიონი. რასაკვირველია, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისთვის, ქართული ბიზნესისთვის“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.