ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას
„ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკმაოდ მძიმე პროცესები წარიმართება ევროკავშირში და ეს პროცესები არის თავიდან ბოლომდე წარმართული სწორედ არაფორმალური ძალების კარნახით.
„შესაბამისად, რასაც ისინი გადაწყვეტენ, ის მოხდება ევროკავშირში. ეს ჩანაწერები რაც არის მოცემული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში ევროკავშირის შესახებ, არ გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას, რადგან პირდაპირ ვხედავთ საფუძვლიან კრიტიკას, მაგრამ ეს საფუძვლიანი კრიტიკა არ ისმოდა მანამდე ამერიკულ დოკუმენტებში. რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით მთელი ამ 3-4 წლის განმავლობაში, ზუსტად იგივე წერია ამ დოკუმენტში.
შეიძლება, ეს ვიღაცამ წაიკითხოს ისე, რომ პირიქით ამ ტენდენციების ხელშეწყობა შეიძლება გაგრძელდეს კონკრეტული ძალების მხრიდან, ვნახოთ, ამ მარჩიელობაში ჩვენ ვერ შევალთ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ მუშაობენ ერთმანეთთან მსხვილი ძალები - აშშ და ევროკავშირი. უბრალოდ ჩვენს ინტერესებშია ევროკავშირი გაძლიერდეს და როგორც წერია ამ დოკუმენტში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შემოტრიალდეს დადებითისკენ ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც არის ევროკავშირში ჩამოყალიბებული. თუ ეს მოხერხდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო სუბიექტურად ჩვენთვის, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა, ჩვენ ყველას გული შეგვტკივა ევროპის კონტინენტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროპა გამორჩეული იყო ორი რამით ყველა სხვა დიდი სუბიექტისგან მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის მაღალი ხარისხი და იდენტობის მაღალი ხარისხი.
„2008 წელს ევროკავშირი იყო პირველ ადგილზე, როდესაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 19 ტრილიონზე მეტი, აშშ-ის იყო 15 ტრილიონი 2008 წელს და ჩინეთის იყო 4 ტრილიონი. ახლა ჩინეთი არის 18 ტრილიონი, აშშ თითქმის 30 ტრილიონი და ევროკავშირი არის დარჩენილი 19 ტრილიონზე. ხედავთ, როგორი ტენდენციებია მსოფლიოს მასშტაბით. ევროკავშირის ჰქონდა ერთი ძლიერი მხარე, ძლიერი კეთილდღეობის დონე, მაღალი დონე და მეორე ეს იყო იდენტობის მაღალი ხარისხი.
ერთადერთი სუბიექტი იყო მსოფლიო მასშტაბით, რომელიც გამოირჩეოდა ერთდროულად ამ ორი რამით. მაღალი ხარისხი კეთილდღეობის და მაღალი ხარისხი იდენტობის. ხედავთ, რომ ევროკავშირი წლიდან წლამდე სწრაფი ტემპებით კარგავს ერთსაც და მეორესაც. კეთილდღეობასაც და იდენტობასაც.
ეს კიდევ ერთხელ არის იმ არაფორმალური ძალების ინტერესების შედეგი, რომლებიც კარნახობენ თავიდან ბოლომდე განვითარების ტენდენციებს ევროკავშირს. ეს თუ გაგრძელდა, ევროპას მძიმე მომავალი ექნება. ჩვენ შეგვტკივა გული არა მხოლოდ ევროკავშირზე როგორც ინსტიტუტების ერთობლიობაზე და პოლიტიკურ სუბიექტზე, ჩვენ პირველ რიგში ევროპის კონტინენტზე შეგვტკივა გული და იმ პროცესებზე, რაც დაკავშირებულია კეთილდღეობის შემცირებასა და იდენტობის დასუსტებასთან.
ჩვენ ზოგადი იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირში ეს ტენდენციები შემობრუნდება, ამაში რა როლს შეასრულებს აშშ, უნდა დაველოდოთ ჩვენ გაგვიჭრდება 100-პროცენტიანი პროგნოზის გაკეთება ამასთან დაკავშირებით. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ აშშ-ს მხრიდან დადებითი გავლენა ექნება იმ პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროკავშირში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არაფორმალური ძალები რა გავლენას მოახდენენ ევროკავშირში განვითარებულ პროცესებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ