ირაკლი კობახიძე: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა, რაც იგრძნობოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე
„დღეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებიდან 14 წლის შემდეგ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის სირთულეები, რომელიც ჩვენმა გუნდმა და ქართველმა ხალხმა გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მიაჩნია, რომ 14 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს არსებულ მდგომარეობასთან პარალელების გავლება დღეს არარელევანტურია, აუცილებელია გვახსოვდეს, როგორი ქვეყნის მართვის მანდატი მიანიჭა ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს“, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლიდან ქართული სახელმწიფო განვითარების შეუქცევად გზას დაადგა.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა.
2012 წლამდე საქართველო სისტემური პრობლემების წინაშე იდგა, პრობლემებისა, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად სუნთქვას ხდიდა შეუძლებელს, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს აზიანებდა“, - ვკითხულობთ წერილში.
მმართველი გუნდის თავმჯდომარე წერილში საუბრობს იმ მძიმე მემკვიდრეობაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა დატოვა - შერჩევითი მართლმსაჯულება, ტოტალური კონტროლი, ზეწოლა და ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევა.
„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, სასამართლოს კი მოსახლეობის ნულოვანი ნდობა ჰქონდა; ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა, რაც იგრძნობოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე; ყველა მსხვილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობის მქონე მედია, ერთი პარტიის ინტერესებს ექვემდებარებოდა, მედიის შეზღუდვის დონე კი ისეთ მასშტაბს აღწევდა, რომ ინფორმაციის მრავალფეროვნებისა და კრიტიკული აზრის მნიშვნელობაზეც კი ვეღარავინ ბედავდა საუბარს; ანტიეროვნული რეჟიმის ტერორის მთავარ საყრდენს პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურები წარმოადგენდნენ, რომლებიც საკუთარი თანამემამულეების დაცვასა და მშვიდად ცხოვრებაზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იყვნენ ქცეული, იარაღად, რომელიც კლავდა, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ტოტალური კონტროლისა და ზეწოლისთვის გამოიყენებოდა. ლოგიკურია, რომ ამგვარი „სამართალდამცავი უწყებების“ ფონზე, მთავარ სადამსჯელო ფუნქციას საპატიმროები წარმოადგენდა - ჩაკეტილი სისტემა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს უსამართლოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ათავსებდნენ, რომლიდანაც არ ისმოდა ნაწამები პატიმრების ხმა და რომელშიც, ვერ აღწევდა სასჯელის მოხდის შემდეგ თავისუფლად ცხოვრების გაგრძელების იმედი“, - ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის წერილში.