ირაკლი კობახიძე: ჩვენი სპორტსმენების ნიჭმა, შრომამ და თავდადებამ 2025 წელს ჩვენს ქვეყანას 1 935 საერთაშორისო მედალი მოუტანა, ამისათვის ჩვენს სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით
ჩვენი სპორტსმენების ნიჭმა, შრომამ და თავდადებამ 2025 წელს ჩვენს ქვეყანას 1935 საერთაშორისო მედალი მოუტანა, ამისათვის ჩვენს სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ფრაზა „ისტორიაში პირველად“ წელს 42-ჯერ გაჟღერდა.
„დღეს ვაჯამებთ წელს, რომელიც იყო ძალიან დიდი წარმატებების მომტანი ჩვენი სპორტსმენებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი სპორტსმენების ნიჭმა, შრომამ და თავდადებამ 2025 წელს ჩვენს ქვეყანას 1935 საერთაშორისო მედალი მოუტანა, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ამისათვის ჩვენს სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით.
სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრაზა „ისტორიაში პირველად“ წელს 42-ჯერ გაჟღერდა. ისტორიაში პირველად ჩვენმა კალათბურთელებმა ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი. ეს არის განსაკუთრებული წარმატება და ამისათვის მინდა ჩვენს კალათბურთელებს მადლობა გადავუხადო. მინდა გავიხსენო, რომ ამ ბრძოლაში მათ ჩამოიტოვეს უკან ისეთი ტრადიციული საკალათბურთო ნაკრებები, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი. ეს არის წარმოუდგენელი მიღწევა და კალათბურთელებს კიდევ ერთხელ მადლობა ამისათვის.
ასევე პირველად ისტორიაში, ჩვენი ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ესეც არის წარმოუდგენელი წარმატება. მადლობა ძიუდოისტებს ამ გამარჯვებისთვის. ასევე მინდა გავიხსენო ხელბურთელების წარმატება, რომლებმაც ზედიზედ მეორედ მოახერხეს და დაძლიეს საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ჩემპიონატზე.
პირველად მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფარიკაობაში. პირველად მოვიპოვეთ ოქრო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე. ისტორიაში პირველად გვყავს მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძიუდოში. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, იმ განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევების, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და ქართულ სპორტს ამ წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.