ირაკლი კობახიძე: ჩვენი ძალისხმევა ცალსახად მშვიდობისკენ არის მიმართული, ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი პოლიტიკა შედეგიანია: ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ლიდერია
„საქართველო, როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, მაქსიმალურად ცდილობს თავისი დაკავშირებადობის ფუნქციის რეალიზებას. ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ საიმედო სერვისებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის სტატუსი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს. ის ფორუმის გახსნით სესიას ესწრება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კონფლიქტები პირდაპირ ზემოქმედებს ყველა სასიცოცხლო სფეროზე: ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ლოგისტიკურ ჯაჭვებსა და საერთო ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
„ჩვენს გარშემო მიმდინარე ომებისა და დაძაბულობის მოწმენი ვართ. კონფლიქტები პირდაპირ ზემოქმედებს ყველა სასიცოცხლო სფეროზე: ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ლოგისტიკურ ჯაჭვებსა და საერთო ეკონომიკურ სტაბილურობაზე. შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ჩვენი მიზანი, ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა აშკარაა, რომ თავად ევროგაერთიანებაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ის ღირებულებები, რაზეც ეს კავშირი დაფუძნდა - ძლიერი იდენტობა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პატივისცემა - დღეს ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რაც ჩვენთვისაც საყურადღებო საკითხია.
მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასია განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს.
საქართველო, როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, მაქსიმალურად ცდილობს თავისი დაკავშირებადობის ფუნქციის რეალიზებას. ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ საიმედო სერვისებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის სტატუსი.
ჩვენი ძალისხმევა ცალსახად მშვიდობისკენ არის მიმართული. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი პოლიტიკა შედეგიანია: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ლიდერია. მხოლოდ მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებელმა 8.3% შეადგინა.
ჩვენს პრიორიტეტს ამ დინამიკის შენარჩუნება წარმოადგენს. ასევე ჩვენი მიზანია, მშვიდობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მისი პოპულარიზაცია რეგიონულ დონეზეც. ამ მიმართულებით, ჩვენ აქტიურად და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - თურქეთთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.