Loading data...
ირაკლი კობახიძე - ჩორჩანასთან დაკავშირებით გარე დავალება შეასრულა გახარიამ, იგივე, გარე დავალებების მიმღებმა ტელევიზიებმა არ აწიეს ეს თემა - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, ბოლომდე გადაეფარნენ და დაიცვეს გახარია, იმიტომ რომ მათ ჰყავდათ ერთი პატრონი

„ჩორჩანასთან დაკავშირებით საქმე ეხება მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელიც ჩააბარა გახარიამ ძალიან საეჭვო გარემოებებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი და დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ.

„რაც შეეხება ჩორჩანას, ეს არის უმძიმესი დანაშაული. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, მაშინ დაიწყო გამოძიება ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით. გამოძიება არის აუცილებელი. საქმე ეხება მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელიც ჩააბარა გახარიამ ძალიან საეჭვო გარემოებებში. მთელი პიარ კამპანიით დადგეს საგუშაგო პუნქტი და ამას მოჰყვა ჩვენი მილიონი კვადრატული მეტრის მიტაცება. მაშინ, „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიას საერთოდ არ აუტაცებია ეს თემა.

ჩვენს ხელისუფლებას რომ დაემართოს ასეთი რამ, რომ გადავდგათ უგუნური და მოღალატეობრივი ნაბიჯი და ამის გამო დავკარგოთ მილიონი კვადრატული მეტრი, რამხელა ამბავს ატეხდა მთელი ოპოზიციური მედია. არავის ხმა არ ამოუღია. იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ერთი პატრონი. გარე დავალება შეასრულა გახარიამ, იგივე გარე დავალებების მიმღებმა ტელევიზიებმა არ აწიეს ეს თემა. არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, ბოლომდე გადაეფარნენ და დაიცვეს გახარია. იმიტომ, რომ მათ ჰყავდათ ერთი პატრონი. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - განაცხადა პრემიერმა.