Loading data...
ირაკლი კობახიძე: არსებობს უკრაინის პრაქტიკა, მოლდოვის პრაქტიკა, სხვა ქვეყნების პრაქტიკა, სადაც აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, თუმცა არავინ საუბრობს ამ შემთხვევაში რაიმე დემოკრატიული პრინციპის დარღვევაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინასა და მოლდოვაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრაქტიკა არსებობს, თუმცა არავინ არაფერს ამბობს იქ რაიმე დემოკრატიული პრინციპის დარღვევაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ერთ-ერთი კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომელიც გათვალისწინებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით.

„ეს არის ერთ-ერთი კონსტიტუციური ინსტრუმენტი, რომელიც არის გათვალისწინებული როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით. აქედან გამომდინარე, საუბარი აპრიორი იმაზე, რომ ასეთი წარმოების დაწყება ნიშნავს არადემოკრატიული პროცესების დაწყებას, არის, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის სპეკულაცია, მით უმეტეს, რომ არსებობს კონკრეტული პრაქტიკა, არსებობს უკრაინის პრაქტიკა, მოლდოვის პრაქტიკა, სხვა ქვეყნების პრაქტიკა, სადაც აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, თუმცა არავინ საუბრობს ამ შემთხვევაში რაიმე დემოკრატიული პრინციპის დარღვევაზე, პირიქით, ეს არის დემოკრატიული, სამართლებრივი პროცესი, მთავარი, რომ ყველამ გაიაზროს სარჩელის შინაარსი და ამის საფუძველზე გააკეთოს სამართლებრივი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.