Loading data...
ირაკლი კობახიძე: არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს - რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

„არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები.

„მე მახსოვს ის დრო, როდესაც ტაბუდადებული თემა იყო „ენჯეოები“, დასავლური დაფინანსების გამოყენება მანკიერი მიზნებისთვის და ა.შ. 2016-2017 წლები რომ გავიხსენოთ, ხმას ვერ ამოიღებდი ამასთან დაკავშირებით. შემდეგ ჩვენ თანდათან დავიწყეთ საუბარი ამ თემაზე. ძირითადად ეს მოხდა 2022 წლიდან. ფარდა ავხადეთ ყველაფერს - რისთვის გამოიყენებოდა ენჯეოები, რისთვის არის შექმნილი ზოგადად, ეს ინსტიტუტი და კონკრეტულად, საით იყო მიმართული უცხოური დაფინანსება.

რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები. იგივე კამპანია გახსოვთ თქვენ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, როდესაც რუსული კანონი დაარქვეს მას. პირდაპირ გვისვამდნენ კითხვას, რომ როგორ შეიძლება, რომ დასავლური ფული გამოიყენებოდეს უარყოფითი მიზნებისთვის? ამაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა. უმძიმესი მიზნებისთვის გამოიყენებოდა მაშინ დასავლური დაფინანსება - ეს არ იყო მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, ეს იყო ეკლესიაზე გამუდმებული თავდასხმები.

მთელი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ შეგვეწყვიტა ეს კამპანიები მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც წარიმართებოდა პირველ რიგში, „ენჯეოების“ მეშვეობით. ეს არ იყო მხოლოდ „სირცხვილია“ და ღიად ექსტრემისტული ორგანიზაციები. ეს იყო მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ე.წ წამყვანი, ყველაზე მდიდარი ენჯეოები. ისინიც იყვნენ ჩართულები ამ ყველაფერში. რასაც ვამბობდით ჩვენ ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში, დღეს იგივეს იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია, სახელმწიფო მდივანი, კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირი. გარდა ამისა, ამას მოჰყვა USAID-ის, NED-ის დახურვა. ჩვენ გვეკრძალებოდ საუბარი იმაზე, რომ USAID-ი და NED-ი ცუდ რაღაცებს აფინანსებდნენ საქართველოში.

ამერიკული ადმინისტრაცია დღეს აღიარებს ყველაფერს, რაზეც ჩვენ საუბარსაც კი გვიკრძალავდნენ და პრორუსულ ძალად, ანტიდასავლურ, ანტიევროპულ ძალად გვრაცხავდნენ იმის გამო, რომ ჩვენ ვსაუბრობდით ამ მახინჯ დაფინანსების მოდელზე, თუმცა დღეს უკვე ამერიკულმა ადმინისტრაციამ აღიარა ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც პარლამენტი იღებდა კანონს გამჭვირვალობის შესახებ, „ენჯეოებმა“ ის რუსულ კანონად მონათლეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.


„რაც შეეხება ენჯეოებს და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას, ეს იყო დალაგებული ფარსი. ტერმინი არასამთავრობო ორგანიზაცია არის უკვე ტყუილი. ტერმინი სამოქალაქო საზოგადოება უკვე არის ტყუილი. სინამდვილეში, არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობდნენ საქართველოში. სინამდვილეში, ესენი იყვნენ უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები, უცხოური მთავრობების დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები. დაფინანსების წყარო რაც არის, ბუნებრივია, იმ ინტერესის გატარება ხდება. ამაზე საუბარიც კი აკრძალული გვქონდა და რუსულ კანონად მაგიტომ მონათლეს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები.

არ არსებობს არავითარი სამოქალაქო საზოგადოება. თუ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, გამოდის, რომ უნდა არსებობდეს არასამოქალაქო საზოგადოებაც. წარმოიდგინეთ, რომ ლომჯარია და გიგაური არიან სამოქალაქო საზოგადოება და უნივერსიტეტის პროფესურა არის არასამოქალაქო საზოგადოება, შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები, ან ჟურნალისტები და ა.შ. არის არასამოქალაქო საზოგადოება. ტერმინებიც კი ფარსი იყო, ამაზე ჩვენ საუბარს ვერ ვბედავდით წლების განმავლობაში და ამაზე საუბარი დავიწყეთ 2022 წლიდან. ჩვენ სიმართლეს ავხადეთ ფარდა მტკივნეული პროცესების ფონზე. გახსოვთ, რამდენი ადამიანი მოატყუეს, როდესაც ჩვენ ვიღებდით კანონს გამჭვირვალობის შესახებ და დააჯერეს, რომ როგორ შეიძლება, რომ დასავლეთიდან წამოვიდეს უარყოფითი, მანკიერი მიზნებისთვის თანხები და ამ ტყუილში აცხოვრებდნენ ადამიანებს“, - განაცხადა პრემიერმა.