Loading data...
ირაკლი კობახიძე: ამბიციური გეგმები გვაქვს ინფრასტრუქტურის ნაწილში, რაც ეკონომიკაზეც აისახება, კონკრეტული გეგმის მიხედვით გაგრძელდება ყველა შესაბამისი პროექტი, რაც მოგვცემს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის მაქსიმალურად განვითარების შესაძლებლობას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში

ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ნაწილში, რაც ასევე ეკონომიკაზეც აისახება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი გეგმის მიხედვით, დადგენილ ვადებში განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას.

„აქტიურად გრძელდება ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და მომავალ წელს, პრაქტიკულად, თითქმის დასრულდება თბილისი-ბათუმის 4-ზოლიანი ავტობანის მშენებლობა. დარჩება 2 მცირე მონაკვეთი, სადაც იყო ერთ შემთხვევაში გარკვეული ხარვეზები, მეორე შემთხვევაში გვიან დაიგეგმა შესაბამისი მონაკვეთის განვითარება. მომავალ წელს, თითქმის, მთლიანად დასრულდება ავტობანის მშენებლობა თბილისიდან ბათუმამდე. გარდა ამისა, უკვე გაწერილი გეგმა გვაქვს, რომლის მიხედვითაც 2030 წლის ბოლომდე, პრაქტიკულად, ერთი მონაკვეთის გარდა ყველა ჩქაროსნული მონაკვეთი იქნება დასრულებული, ეს მოიცავს, მათ შორის, თურქეთის საზღვრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრამდე მონაკვეთს, ეს მოიცავს კახეთის მონაკვეთს, მოიცავს თბილისი-ლარსს, საბოლოო ჯამში, დადგენილ ვადებში განხორციელება ყველა პროექტი. ასევე, რკინიგზის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები - ზაფხულის სეზონამდე დაგეგმილი გვაქვს მინიმუმ ნახევარი საათით მგზავრობის დროის შემცირება თბილისიდან ბათუმამდე. ანაკლიის პროექტი მიმდინარეობს და ასევე მოლაპარაკებებიც დასრულდება მომავალ წელს უცხოელ პარტნიორთან, თუმცა ამის მიუხედავად, შეუფერხებლად გაგრძელება ამის მიღმაც პროექტის განხორციელება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამუშაოები აქტიურად წარიმართება, რაც მოგვცემს საშუალებას რომ უშუალოდ მშენებლობაზე გადავიდეთ 2027 წლიდან. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება ყველა შესაბამისი პროექტი, რაც მოგვცემს ჩვენ ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის მაქსიმალურად განვითარების შესაძლებლობას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მეზობელ ქვეყნებთან ყველა მიმართულებით და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.