Loading data...
ირაკლი კობახიძე: 2026 წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვან იუბილეს,ახალ წელს ვულოცავ ილია მეორეს, რომლის მოღვაწეობამ საქართველოს გაძლიერებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა

2026 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის: მომავალ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-წლოვან იუბილეს. ქრისტიანობა არის საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რწმენას, არამედ კულტურასაც განსაზღვრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ახალ წელს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მისმა ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ საქართველოს გაძლიერებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა.

„ახალ წელს ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომლის ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ საქართველოს გაძლიერებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა. ქრისტიანობის ერთგულებამ, ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობამ მოგვცა შესაძლებლობა, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, საუკუნეების მანძილზე, სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა შეგვენარჩუნებინა. ეს ყველაფერი განამტკიცებს ჩვენს რწმენას, რომ ქართული ოცნება ერთიან საქართველოზე ერთ დღესაც აუცილებლად ახდება. ქრისტიანობის ღერძი სიყვარულია, სიყვარული კი, თავის მხრივ, არის ნებისმიერი ადამიანის თუ სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველი.

ამიტომ, ყველას გისურვებთ მეტ სიყვარულს, ყველას გისურვებთ მეტ სიკეთეს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინსვლას ახალ 2026 წელს! მრავალ ახალ წელს დაესწარით!“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.