Loading data...
ირაკლი კობახიძე - 2022 წელს ისეთი მძიმე რისკები გამოვიარეთ და გადავიარეთ, რომ არა მგონია, ამაზე დიდი რისკები დაგვხვდეს წინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ, სიფრთხილე დავკარგოთ

„2022 წელს ისეთი მძიმე რისკები გამოვიარეთ და გადავიარეთ, რომ არა მგონია, ამაზე დიდი რისკები დაგვხვდეს წინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ, სიფრთხილე დავკარგოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიტიკური გამოწვევების მხრივაც 2026 წელი გარდამტეხი წელი იქნება ბევრი თვალსაზრისით.

„ზოგადი რისკები რჩება. 2022 წელს ისეთი მძიმე რისკები გამოვიარეთ და გადავიარეთ, რომ არა მგონია, რომ ამაზე დიდი რისკები დაგვხვდეს წინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ, სიფრთხილე დავკარგოთ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ბევრი რამის გადალაგება მოხდება მომავალ წელს, მათ შორის შეიძლება, ომი დასრულდეს უკრაინაში, რასაც თავისი გაგრძელება და თავისი პროცესები მოჰყვება. უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ისტორიულად ყოველთვის მეგობრული იყო ხალხებს შორის და ამას კვალი ვერ დაატყო ვერც იმ უსამართლო დამოკიდებლებამ რასაც ვხედავდით 2022 წლის თებერვალ-მარტიდან მოყოლებული საქართველოს მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებს, აქ რა თქმა უნდა, არის პერსპექტივა იმისა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შიეცვალოს, ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. როცა უკრაინაზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა დამყარდეს ამ ქვეყანაში და დასრულდეს ომი და ქვეყანა შემობრუნდეს ეკონომიკური წინსვლის გზაზე, მაშინ როდესაც ამ წლების განმავლობაში ქვეყანა პრაქტიკულად განადგურდა ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი ვითარება, დაკარგული ტერიტორიები, ქვეყნიდან გასულია მოსახლეობის დაახლოებით 1,3 და ა.შ. მთავარი არის ჩვენთვის უკრაინაში ომის დასრულება, დანარჩენი არის მეორე ხარისხოვანი და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების დონეზეც პერსპექტივაში ურთიერთობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.